მნიშვნელოვანისიახლეები

ვინ შეცვლის ლონდა თოლორაიას

ვინ გახდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი – პარლამენტში პრემიერ ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ პირებს უსმენენ. კანდიდატები ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე არიან. კანდიდატებთან გასაუბრება ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტზე დილიდან მიმდინარეობს.

გასაუბრების პროცესს ოპოზიციის ნაწილი ეთიშება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნება” მაინც მისთვის სასურველ კანდიდატს აირჩევს და ეს ხელისუფლების ინტერესების გამტარი პირი იქნება.

“ამ გასაუბრების პროცესს ძალიან დიდი შავი ლაქა მოჰყვება ჯერ კიდევ დეკემბრიდან. ეს არის გაცხადებული ნება, რომ სახელმწიფო სისტემაში არ არსებობდეს რაიმე ტიპის თანამდებობა ან ინსტიტუტი, რომელიც გარკვეული თავისუფლებით და ავტონომიით მაინც იქნება შემოფარგლული. არავის აქვს ილუზია, რომ “ქართული ოცნება” ამ თანამდებობაზე შეარჩევს ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ,”-აცხადებს “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი.

პრემიერის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილებს პროკურატურის მოქმედი მაღალჩინოსანიც. შესაძლოა, ლონდა თოლორაია გახმაურებული საქმეების პროკურორმა კოკა კაციტაძემ შეცვალოს.

ოპოზიციის ნაწილს, რომელიც სხდომას ესწრება, აინტერესებს, როგორ აპირებენ აღნიშნული კანდიდატები უსამართლო სისტემასთან შებრძოლებას. ხელისუფლების ოპონენტებს ასევე, აინტერესებთ, რატომ გაუჩნდათ აღნიშნულ კანდიდატებს სურვილი, გახდნენ იმ სამსახურის ხელმძღვანელები, რის გამოც, ხელისუფლებამ დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება გააუქმა.

“ნდობა არის ძალიან დაბალი და ამას მოწმობს მონაწილეთა რაოდენობა ამ პროცესში. მიუხედავად ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ოპოზიციამ მონაწილეობა მიიღოს გამოკითხვის პროცესში და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილოს, რა ტიპის კანდიდატებია და რა ტიპის პროცესს აწარმოებს “ქართული ოცნება,”- აცხადებს სამნიძე.

მესამე სექტორი, რომელიც ასევე, გასაუბრებას ესწრება, მიიჩნევს, რომ კანდიდატები, რომლებიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პოსტისთის იბრძვიან, კვალიფიკაციის და დამოუკიდებლობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

საიას თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, ხელისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას ჩანაცვლება მის მიმართ ლოალური პირებით სურს.

მმართველ გუნდში ოპონენტების უნდობლობას უსაფუძვლოს უწოდებენ.

“ერთია კრიტიკა და ის, რომ ვინმეს ვინმე არ მოსწონს და მეორეა არგუმენტი, ფაქტი, მტკიცებულება, რის საფუძველზე აცხადებენ უნდობლობას და ა.შ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი კანდიდატები კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კეთილსინდისიერების ნაწილში აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რის საფუძველზეც მიზანშეწონილი იყო მოგვესმინა კომიტეტზე. დაველოდებით კომიტეტის სხდომას, მივიღებთ მონაწილეობას და ამის შემდეგ მიიღებს კომიტეტი გადაწყვეტილებას, ვის დაუჭიროს მხარი,”- აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი.

თუ ვინ დაიკავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას, ცნობილი დღეს გახდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button