ვითარება მაესტროში – გადაბაძე გაჩეჩილაძემ შეცვალა [Audio]

ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორი ბაია გადაბაძე ტელეკომპანიიდან გაუშევს. გადაწყვეტილება ტელეკომპანიის პარტნიორთა კრებამ დღეს მიიღო. კრებაზე ბაია გადაბაძის ნაცვლად ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს. ინფორმაცია ჟურნალისტებს მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ მიაწოდა.მაკა ასათიანი ტელეკომპანიის 25 პროცენტის მფლობელია.

“ჩემ აქ დარჩენას ყველანაირი აზრი ეკარგება. მივმართავ საჯარო რეესტრს, არ დაარეგისტრირონ ეს გადაწყვეტილება. მე მივმართავ უკიდურეს ზომებს”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ. “მაესტროს” ყოფილმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრს მიმართა, რომ არ დაარეგისტრირონ ეს გადაწყვეტილება, თორემ მისი თქმით, საფრთხის ქვეშ დადგება ტელეკომპანიის სამომავლო ბედი.

მაესტროს პარტნიორთა შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთეს გია და ლევან გაჩეჩილაძეებმაც.

“მაესტროს” საკონტროლი პაკეტის მფლობელი, გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. როგორც გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი კვირიკაშვილი მისი მეგობარია და “ორ დღეში ერთხელ” ხვდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. ისინი ამბობენ, რომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები პროცესის შესაძლო პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით. „ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ განვითარებული პროცესები კიდევ უფრო ამძაფრებს სამოქალაქო სექტორის ეჭვებს წინასაარჩევნო პერიოდში მედიაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარების მცდელობის შესახებ. მსგავსი ქმედების მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ 2015 წლის ზაფხულში დაწყებული ერთი შეხედვით კერძო ხასიათის დავა “რუსთავი 2”-ის წილების მფლობელობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც იმედს გამოთქვამენ, რომ “მაესტროს” სარედაქციო დამოუკიდებლობა არ შეიცვლება. “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა „მაესტროს“ თანამშრომლებისთვის ყოველთვის იყო და არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება, რომელიც კომპანიის არსებობის არცერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. მათ შორის არც ბაია გადაბაძის მმართველობისას. მისი გენერალური დირექტორობის პერიოდში ყოველთვის გარანტირებული იყო სარედაქციო დამოუკიდებლობა და არ ყოფილა ჩარევის არცერთი მცდელობა. ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამშრომლები ვიმედოვნებთ, რომ ეს მოცემულობა არც მომავალში შეიცვლება და „მაესტრო“ არ დაკარგავს იმას, რის გამოც ის ყოველთვის იყო აქ მომუშავე ადამიანებისთვის კომფორტული გარემო”, – ნათქვმია ჟურნალისტების განცხადებაში.

ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებულ კითხვებზე გიორგი კვირიკაშვილის პოზიციას ავრცელებს პრემიერმინისტრის პრესსამსახური.
ციტატა: „საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჩვენი საზოგადოების მთავარი მონაპოვარია. პრემიერმინისტრის პოზიციაა, რომ ამ თავისუფლებას არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს. ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე მხოლოდ მესაკუთრეებს შორის დავის ხასიათს ატარებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ საკითხში მთავრობისა და პოლიტიკური ძალების რაიმე ფორმით ჩარევა კატეგორიულად დაუშვებელია. პოლიტიკური სპექტრის ამოცანად უნდა რჩებოდეს ქვეყანაში თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა, რაც ამ შემთხვევაშიც სახეზეა“, – ნათქვამია პრემიერმინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button