მნიშვნელოვანისიახლეები

ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის კარგი ურთიერთობები არ იყო-უდუმაშვილი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა თანამდებობიდან წასვლის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებაზე. როგორც დეპუტატი ამბობს, ეკაატერინე ტიკარაძე არსად წასულა და ის „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრია.

„მაგარი ქალბატონია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, აი, ამდენი ხანია, კოვიდის პირველი დღიდან. იქამდე კიდევ საკმაოდ სერიოზულ თემებს ატარებდა თავის მხრებზე. უშველებელი სისტემა, ბევრი საკითხი მოსაგვარებელი და ამ დროს, კოვიდი შემოვარდნილი. ამდენი მსხვერპლი, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, გადაღლილობა არის ერთ-ერთი საგანგებო მიზეზი. მე მგონია ასე, ჩემი აზრია ასე.

რაც შეეხება იმას, როგორ მოხდა? რა მოხდა? ალბათ გავა დრო და თვითონაც კარგად ილაპარაკებს. კამათიც ხდება, გუნდიდან ვიღაცის წასვლა, თუმცა, ეკა არსად არ წასულა და პოლიტსაბჭოს წევრია. საკმაოდ ქმედითია. მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალი ჰქონდა ყოველთვის. არა მხოლოდ იმ სფეროში, რასაც თვითონ… საკითხების განხილვის დროს საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გამოუთქვამს და გადაწყვეტილებაც მიღებულა ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.

მაგრამ არის რეალობა, რაც გვაქვს. არის პრემიერ-მინისტრი, მისი შეხედულებები და გარკვეული იერარქია, რომელიც ალბათ უნდა დავიცვათ. მე რომ არ მივედ-მოვედო, ალბათ ეკა მოინდომებს თვითონ ილაპარაკოს, ან თვითონ პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას”, – თქვა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს კოვიდის მართვის ისეთი ცუდი მონაცემები აქვს, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა უნდა წერდეს განცხადებას და მიდიოდეს.

სამადაშვილის თქმით, მთავრობა წარუმატებელია პროცესის მართვაში და ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა.

„საქართველოს კოვიდის მართვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს. ჩვენ ვართ მერვე ადგილზე კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით – მეოთხე ადგილზე. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს, როცა ასეთი სავალალო შედეგია, ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება. როცა მთავრობა ასეთი წარუმატებელია პროცესის მართვაში, ცხადია, შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა, რადგან წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. თუ ეკატერინე ტიკარაძის შეხედულებებს ღარიბაშვილი არ ითვალისწინებდა, ის სწორად მოიქცა, რომ განცხადება დაწერა და წავიდა, მაგრამ ამით ვერ აიცილებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, რადგან ამ შემთხვევაში, კოვიდის მართვის პროცესი არ არის მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა და კატასტროფული შედეგი არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მართვის რესურსი ამოწურა. ტიკარაძე, როგორც ვიცი, არის ბიძინა ივანიშვილთან ძალიან დაახლოებული ადამიანი და როგორ ჩანს, პარტიაში მისი დარჩენა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილისთვის საკუთარი კადრების პარტიაში ყოფნა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

არსებულ კოვიდვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერი, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ზაალ უდუმაშვილმა ეკატერინე ტიკარაძის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შეფასებისას.

„რთულია, გაიგო, მმართველი გუნდის კულუარებში რა ხდებოდა და ეკატერინე ტიკარაძე რატომ წავიდა თანამდებობიდან, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ხანია, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა შტოს შორის დაპირისპირებაა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის კარგი ურთიერთობები არ იყო, რაზეც სჯობს, მიზეზებზე თავად ისაუბრონ. ფაქტია, რომ ქვეყანაში კოვიდვითარება უმძიმესია, შედეგებიც ძალიან მძიმეა.

ხელისუფლება პანდემიის პერიოდში მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა იმის გათვალისწინებით, პანდემიის სამართავად რა იყო უკეთესი. არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ რომ გუშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტიც გამოეხმაურა ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომას

9 დეკემბერს „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქმიანობას გააგრძელებს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში.

როგორც მინისტრმა თქვა, სამწლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, პრემიერთან და პარტიის თავმჯდომარესთან კონსულტაციები გაიარა და პარტიის მმართველობაში დარჩება. როგორც ის აცხადებს, სწორედ პოლიტსაბჭოდან იმუშავებს ქართული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემების გამყარებასა და გაძლიერებაზე.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრად 2019 წლის ივნისში დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button