კორპორაცია Microsoft-მა სოციალურ ქსელ TikTok-ის ამერიკული განყოფილების შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელის ამერიკის ტერიტორიაზე შესაძლო აკრძალვის შესახებ განაცხადა და პოტენციურ ინვესტორებს მიანიშნა, რომ TikTok-ის ამერიკული კომპანიის მიერ შესყიდვის წინააღმდეგია.
The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების საბოლოოდ შეწყვეტის შესახებ საუბარი ამ ეტაპზე არ მიდის, მაგრამ სანამ თეთრი სახლიდან დამატებით განმარტებებს არ მიიღებენ, Microsoft-მა და TikTok-ის მფლობელმა ByteDance-მ პაუზის აღება გადაწყვიტეს.
დონალდ ტრამპმა TikTok-ის აკრძალვის შესახებ 1-ელ აგვისტოს განაცხადა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მანამდეც არაერთხელ განაცხადეს, რომ ჩინური აპლიკაციები საფრთხეს წარმოადგენს, რადგან მომხმარებელთა ინფორმაცია შესაძლოა, ჩინეთის სპეცსამსახურებს მიეწოდებოდეს.
ივლისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ TikTok-ის შესყიდვით დაინტერესებულმა ინვესტორებმა სოციალური ქსელი 50 მილიარდ დოლარად შეაფასეს. მოგვიანებით კი, ცნობილი გახდა, რომ მოლაპარაკებებს შესყიდვის შესახებ Microsoft-ი აწარმოებს.