მნიშვნელოვანიმსოფლიო

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მუშაობა სრულად შეჩერებულია

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიხურა. ამის შესახებ დღეს უკრაინის ატომურმა სააგენტომ „ენერგოატომმა“ განაცხადა.

უწყების თქმით, ელექტროსადგურის მეექვსე ბლოკი ელექტრო ქსელიდან გათიშეს.

„ენერგოატომმა“ დასძინა, რომ ის ყველა შესაძლო ზომას იღებს გენერატორებისთვის დიზელის საწვავის დამატებითი მიწოდების ორგანიზებისთვის, რომელიც ბირთვულ ობიექტზე, ელექტროენერგიის გარე მიწოდების არარსებობის შემთხვევაში, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაა საჭირო.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, რუსეთის ბირთვული სააგენტოს „როსენერგოატომის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა დაადასტურა, რომ ბოლო ენერგობლოკი დაიხურა და ბირთვულ ობიექტი ახლა ცივ მდგომარეობაშია გადაყვანილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო პერიოდში მე-6 ენერგობლოკი კვებავდა მხოლოდ სადგურის საჭიროებებს კრიტიკულად დაბალ სიმძლავრეზე, ვინაიდან რუსული მხარის დაბომბვების გამო დაზიანდა ყველა საკომუნიკაციო ხაზი ატომურ ელექტროსადგურსა და უკრაინის ენერგოსისტემას შორის.

„ენერგოატომში“ აღნიშნავენ, რომ ამჟამად სადგურის ფუნქციონირება ხორციელდება დიზელის გენერატორებისგან მიწოდებული ენერგიით, რის გამოც საჭიროა დიზელის საწვავის დამატებითი პარტიების მიწოდება, რათა გაგრძელდეს სადგურის უსაფრთხოდ ფუნქციონირება.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მიმდინარე წლის მარტიდან რუსების კონტროლის ქვეშაა, თუმცა მის ფუნქციონირებას უკრაინულ პერსონალი ახორციელებს. ბოლო პერიოდში სადგურის ტერიტორიის დაბომბვის გახშირების გამო, რაშიც ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს, ადგილზე გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჩავიდა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონის შექმნა მოითხოვა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 14 წევრისგან შემდგარმა მისიამ ევროპის უდიდესი ელექტროსადგურის გარშემო, ხშირი დაბომბვის ფონზე, „ბირთვული უსაფრთხოების დაცვის ზონის“ დაუყოვნებლივი შექმნა მოითხოვა.

ცნობისთვის, კიევმა ოთხშაბათს მოუწოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ, საკუთარი უსაფრთხოებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მოითხოვა მიმდებარე ტერიტორიის დემილიტარიზაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button