ზაზა ოქუაშვილს დეპუტატობა აღარ უნდა
ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს დეპუტატობის უფლების შეჩერების მოთხოვნით მიმართა.
“ომეგა” ჯგუფის დამფუძნებელი, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსის” კვოტით გახდა, 2016 წლიდან დღემდე, სულ რამდენიმე სხდომას დაესწრო.
ორი დღის წინ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა გაცდენების გამო, ზაზა ოქუაშვილს უფლებამოსილება შეჩერებოდა.
ზაზა ოქუაშვილის ანაზღაურება 3900 ლარს შეადგენდა.
ოქუაშვილმა, ბოლო პერიოდში, საზოგადოებას სკანდალური ფარული ჩანაწერების გავრცელებით დაამახსოვრა თავი. იგი ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილის ფულის გამოძალვასა და შანტაჟში ადანაშაულებდა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამბობს, რომ თუ რატომ იწყვეტს უფლებამოსილებას დეპუტატი, უცნობია, რადგან განცხადებაში ამის თაობაზე ზაზა ოქუაშვილი არ საუბრობს.
მოისმინეთ დავით გაბაიძის ხმა.
თუ ოქუაშვილს უფლებამოსილება შეუჩერდება, მის ადგილს მერაბ ბლადაძე დაიჭერს, რადგან უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” სიით მე-3 ნომრად, სწორედ ის იყო წარდგენილი.