ზაზა ფაჩულიას “მილუოკის” მეორე მარცხი ჩიკაგოში
„მილუოკი ბაქსმა“ ვერც მეორე მატჩი მოუგო ჩიკაგოში „ბულსს“ და აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ საპლეიოფო სერიაში 0:2 ჩამორჩა. როგორც რადიო ჰერეთს საქართველოს კალათბურთელთა ფედერაციიდან აცნობეს, ზაზა ფაჩულიას გუნდმა მეორე მატჩიც ბრძოლაში, ამჯერად 82:91 დათმო. ფაჩულიამ მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე 2 ტექნიკურის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. მას მეორე ტექნიკური მსაჯებმა ნიკოლა მიროტიჩთან ბურთისთვის ბრძოლაში გამოჩენილი სიხისტის გამო მისცეს.
მატჩის გმირი გახდა ჯიმი ბატლერი, რომელმაც სერიის პირველ შეხვედრაშიც და მეორეშიც პირადსაპლეიოფო რეკორდები გააუმჯობესა. წინა შეხვედრაში ბატლერმა 25 ქულა ჩააგდო, სერიის მეორე მატჩში კი 31-ს უწია.
ბოლო მეოთხედის ახალდაწყებულზე მილუოკელები 74:71 იგებდნენ, როცა ჩიკაგოელებს ბატლერმა ულიდერა და თავისიანებს დროის 3-წუთიანი მონაკვეთი 13:0 მოაგებინა. გარდატეხაც აქ მოხდა და მასპინძლები გამარჯვებამდე მივიდნენ.
ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 23 წუთში 7 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი არ დაუკარგავს. ზაზამ 8-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელთაგან საუკეთესო შედეგი კრის მიდლტონმა აჩვენა – 22 ქულა. 12 ქულა მაიკლ კარტერ-უილიამსის ანგარიშზე დაგროვდა.
სერია 4 მოგებამდეა და „მილუოკი“ რთული ამოცანის წინაშე დგას. სერიას 0:2 აგებს და მომდევნო 2 მატჩს მასპინძლობს – 23 და 25 აპრილს.