მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ზელენსკის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას ავსტრიელმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს

ულტრამემარჯვენე ავსტრიელმა დეპუტატებმა 30 მარტს პარლამენტის ქვედა პალატის დარბაზი პროტესტის ნიშნად იმ დროს დატოვეს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვირტუალურ მიმართვას აკეთებდა. მათ ასეთი გამოსვლა ავსტრიის ნეიტრალიტეტის სტატუსის დარღვევად მიიჩნიეს.

ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ORF-ის ცნობით, ოპოზიციური საპარლამენტო პარტია “თავისუფლების ” წევრებმა ადგილები მაშინ დატოვეს, როდესაც ზელენსკიმ ვიდეომიმართვა დაიწყო. მათ მერხებზე პატარა ბარათები დატოვეს პარტიის ლოგოთი და მესიჯით “სივრცე მშვიდობისთვის”. ტვიტერით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პარტიამ განაცხადა: “დიახ, ნეიტრალიტეტი, არა – ომის წაქეზებას“.
ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვოლფგანგ სობოტკა და სხვა დეპუტატები უკრაინაში მიიწვია, რომ მათ საკუთარი თვალით ნახონ, რა მოიტანა რუსეთის ომმა უკრაინაში.

„ამის დანახვა ნიშნავს ჩვენი ხალხის გაგებას. იმის გაგებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ხმა საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის მხარდასაჭერად, როდესაც აღნიშნული საკითხები განიხილება გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში, ევროპარლამენტში ან სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, არ იყო მორალურად ნეიტრალური ომის წინააღმდეგ. ეს გეოპოლიტიკას არ ეხება, ეს ეხება იმას, რომ ყოველთვის დარჩე ადამიანად და გაუფრთხილდე ადამიანობას“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ამასთან, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ავსტრიას უკრაინისთვის გადაცემული ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ენერგეტიკული სექტორის და განაღმვითი სამუშაოების მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის აგრესიის შედეგად დაშავებული უკრაინელების რეაბილიტაციისთვის.. „მნიშვნელოვანია, რომ ბოროტების მიმართ მორალურად არ ვიყოთ ნეიტრალურნი,”-დასძინა ზელენსკიმ.

ავსტრია არ არის ნატოს წევრი და არ აწვდის იარაღს უკრაინას. თუმცა, მან უკრაინას გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება და ასევე ჩაფხუტები და დამცავი ჟილეტები გადასცა სამოქალაქო მოსახლეობის საჭიროებისთვის. გასულ კვირაში, ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეგამერმა ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს, მაგრამ დასძინა, რომ მას ესმის დახმარების აუცილებლობისა „იქ, სადაც უსამართლობა და ომის დანაშაული ხდება.”

მანამდე ავსტრიის „თავისუფლების“ პარტიას მჭიდრო კავშირები ჰქონდა რუსეთთან. 2016 წელს მან ხელი მოაწერა თანამშრომლობის შეთანხმებას რუსეთის მმართველ პარტია “ერთიანი რუსეთთან”. 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტუმრად იყო მიწვეული ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და „თავისუფლების“ პარტიის წევრის, კარინ კნაისლის ქორწილში.
2021 წელს, კარინ კნაისლი აირჩიეს რუსეთის სახელმწიფო კომპანიის, „როსნეფტ“-ის დირექტორთა საბჭოს წევრად. კნაისლმა საბჭო 2022 წლის მაისში დატოვა. ცოტა ხნით ადრე, „როსნეფტი“ ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო.

ავსტრიის პარლამენტში ზელენსკის ვიდეომიმართვა ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა ის არ შედგა ავსტრიის ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წინააღმდეგობის გამო.

მსგავსი პოსტები

Back to top button