“ზეპ ბლატერი დეკემბრამდე დარჩება”

ფიფას კონგრესი, რომელზეც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, შესაძლოა, ამა წლის 16 დეკემბერს ჩატარდეს. ამის შესახებ ბრიტანულ BBC-ს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ინკოგნიტო წყარომ აცნობა.

ხმის მიცემის პროცედურის წინ, ივლისში ფიფას აღმასკომის სხდომა გაიმართება, რომელზეც კონგრესის თარიღი უნდა დაადასტურონ.

ვინ გახდება ფიფას ახალი პრეზიდენტი – ეს არის მთავარი საკითხი მას შემდეგ, რაც იოზეფ ბლატერმა თავისი ნებით გამოაცხადა გადადგომის შესახებ. შვეიცარიელმა შესაბამისი გადაწყვეტილება პრეზიდენტის არჩევნების მოგებიდან რამდენიმე დღის თავზე მიიღო.

ბლატერის ნაბიჯმა უნიკალური შანსი მისცა მის კონკურენტებს. ფიფას პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზია უკვე გამოაცხადეს ბოლო არჩევნებზე ბლატერის მთავარმა მოწინააღმდეგემ, იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალ-ჰუსეინმა, ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის თავმჯდომარემ, მიხაელ ვან პრააგმა და დავიდ ჟინოლამ.

თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალურად თავიანთი კანდიდატურები მხოლოდ ალიმ და ჟინოლამ წამოაყენეს. იორდანიის პრინცის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე დიეგო მარადონაა. ალის გამარჯვების შემთხვევაში, ლეგენდარული არგენტინელი ფიფას ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.

“ფიფას ვიცე-პრეზიდენტობის კარგი შანსები მაქვს. თუ ამ თანამდებობას დავიკავებ, ყველას მოვიშორებ. ფიგუ? ადრე მას პატივს ვცემდი, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მის ნათქვამს იმაზე ნაკლები წონა აქვს, ვიდრე ზოროს მეგობარ ბერნარდოს სიტყვებს”, – მოჰყავს მარადონას სიტყვები გამოცემა Ole-ს.

მსოფლიო ფეხბურთის ხელმძღვანელის პოსტზე მესამე კანდიდატი შეიძლება გახდეს ფიფას გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე ჟერომ შამპანი. ჟურნალისტებთან ინტერვიუში ფრანგმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ამგვარ შესაძლებლობას.

მაგრამ მთავარ ჩრდილოვან კანდიდატად უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინია გამოცხადებული. მას ბუკმეკერებიც ანიჭებენ უპირატესობას. თავად პლატინის ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

შესაძლოა, ბლატერის მთავარი ოპოზიციონერის როლმა ფრანგს სხვა გამოსავალი არ დაუტოვოს, გარდა იმისა, რომ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს ფიფას კონგრესზე გასამართ არჩევნებში.

წყარო: ყოველდღიური სპორტული გაზეთი “ლელო”

მსგავსი პოსტები

Back to top button