მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში “მთავარი არხის” მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში “მთავარი არხის” მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა დაგმეს არამხოლოდ ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, არამედ ზოგადად, ხელისუფლების დამოკიდებულება კრიტიკული მედიის მიმართ.

“შემდეგი შეიძლება ჩვენ ვიყოთ”, “მეტი რაღა უნდა მოხდეს, ხდება ახლა”, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ოპოზიციური პარტია “დროას” ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელ მარიამ სიჭინავას განცხადებით, დღეს საქმე არ გვაქვს მხოლოდ ნიკა გვარამიას დაკავებასთან, არამედ იმ მოცემულობასთან, რომ “ქართული ოცნება” ებრძვის ქვეყანაში კრიტიკულ მედიებს, რაც დაუშვებელია.

“არ უნდა ხდებოდეს ეს იმ ქვეყანაში, რომელიც ავსებს ევროკავშირში მისაღებ კითხვარს. არ უნდა გვყავდეს ციხეში პოლიტპატმრები, არ უნდა ვდევნიდეთ კრიტიკულ მედიას და თავისუფალ სიტყვას” – აღნიშნა აქციის ორგანიზატორმა.
“სამართლიანი არჩევნების” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი დავით ლოგუა ამბობს, რომ

მათი ორგანიზაციაც უერთდება ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს, რისი მიზეზიც წლების განმავლობაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მიმართული ღონსძიებებია. დავით ლოგუას თქმით, ეს ყველაფერი ქვეყანას არ აახლოვებს იმ ღირებულებებთან, რაც ევროატლანტიკურ სივრცეს უკავშირდება, პირიქით, უკან გადადგმული ნაბიჯია:
“ერთგვარ თვითსაბოტაჟსაც ჰგავს მაშინ, როცა შევიტანეთ ევროკავშირის წევრობის განაცხადი. ამ ფონზე ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი”.
სამოქალაქო აქტივისტ ცაბუნია ვართაგავას თქმით კი, ბევრჯერ დაიმშვიდეს თავი იმით, რომ ხელისუფლებამ რაც უკვე გააკეთა, ამაზე მეტს ვერაფერს იზამს, თუმცა ყოველ ჯერზე საპირისპირო ხდება.
“ყოველ ჯერზე აღმოჩნდა, რომ უარესებს აკეთებს. ამჯერადაც ეს მოხდა და ხალხს ვეუბნები, ახლა არის ის, როცა ყველამ ერთად უნდა გავიღვიძოთ და მივხვდეთ, რომ ამის იქით, ასე გაგრძელება არ შეიძლება”, – აღნიშნა ცაბუნია ვართაგავამ.

რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდში მედიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს ნიკა გვარამიას დაკავება.

მსგავსი პოსტები

Back to top button