რეგიონი

ზუგდიდის უფასო ბოტანიკურ ბაღში 6 მოლარეა დასაქმებული

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული იყო 6 მოლარე, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა – აუდიტი

აუდიტის დასკვნის მიხედვით,2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული იყო 6 მოლარე, თუმცა ბაღში შესვლა იყო უფასო და სალაროები არ ფუნქციონირებდა.

ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

დასკვნის მიხედვით, დასაქმებული 6 მოლარე-კონსულტანტის ხელფასებზე დაიხარჯა 50 ათას 300 ლარი.

„აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი“, – წერს აუდიტი.

აუდიტის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ უნდა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა; განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე აუდიტის სამსახურის აზრით, მნიშვნელოვანია, გაანალიზდეს ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობები და მათზე დახარჯული სახსრები. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს თანამშრომელთა ფუნქციური დატვირთვა ან საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია.

ასევე აუდიტის დასკვნაში საუბარია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ავტოსატრანსპორტო საშუალებებში სახელმწიფოს ხარჯზე ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავს 2019-2020 წლებშიც ასხამდნენ.

როგორც აუდიტი წერს, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა. „ამ ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 145.1 ათასი ლარის ღირებულების, 71,908 ლიტრი საწვავი. ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე.

ასევე შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები. მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ „აგაი“ სისტემის ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული 11 ავტომანქანაზე, მოხსნილი იყო 6 მანქანაზე, აქედან 4 „ჩიპის“ ადგილმდებარეობა პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ დადგინდა. შესაბამისად, „აგაი“ სისტემის ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იყო სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს“, – წერია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის წინა აუდიტის პერიოდშიც გამოვლინდა მსგავსი ხარვეზები. მიუხედავად ამისა, აუდიტის სამსახურის მიხედვით, მერიამ არც 2019-2020 წლებში გაითვალისწინა აუდიტის სამსახურის მიერ წინა აუდიტის პერიოდში გამოვლენილი გარემოება და რეკომენდაცია.

ცნობისთვის, 2019-2020 წლებში, მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით.

დასკვნას გამოეხმაურა პარლამენტარი,”ენმ”,-ს რეგიონული ლიდერი ანა წითლიძე.

“რა ბოტანიკური ბაღის მოლარე გაგიკვირდათ, ზუგდიდში რომ ჰოკეის გუნდს ვაფინანსებდით თავისი თანამშრომლებით, მთელი განყოფილება იყო შექმნილი ისე რომ არც გუნდი გვყავდა და არც ყინული გვქონდა – ეგ ამბავი სულ ახლახანს იყო.

პროკურატურაში კი შევიტანე ამაზე განცხადება და საბოლოოდ მხოლოდ მე დამკითხეს”,-წერს წითლიძე.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ზვიად ქარჩავა ამბობს, რომ 6 მოლარე-ოპერატორს, რომელიც რეალურად საჭირო არ იყო, ხელფასი იმიტომ გადაუხადა, რომ ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვაში ეხმარებოდნენ.

მისივე თქმით, ამ ადამიანებს კონტრაქტი გაფორმებული ჰქონდათ, ამიტომ ახალი ფუნქციები მოუძებნეს.

“ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა 2019 წელს, 2020-ში დაიწყო ოპერირება, პირველი ორი თვე იყო უფასო, რომ ყველას მისცემოდა შესაძლებლობა, რომ ენახა ბოტანიკური ბაღი, ხოლო თებერვალში, ზუსტად არ მახსოვს თარიღი, ფასიანი გახდა. პანდემიის გამო ქვეყანაში გამოცხადდა ლოკდაუნი, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყოფილი თავისუფალი და ყველას მისცემოდა ისევ შესაძლებლობა ესარგებლა ამ სივრცით. თუმცა იყო კოვიდ რეგულაციები, რადგან კონტრაქტი ჰქონდათ ამ ადამიანებს, ჩვენ დამატებით მივანიჭეთ ეს ფუნქციები, რომ რეგულაციების დაცვაში დაგვხმარებოდა”, – ზვიად ქარჩავა.

აუდიტის დასკვნით ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრში 6 მოლარე-კონსულტანტი იყო დასაქმებული, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ მოლარე-კონსულტანტების ხელფასებზე ბიუჯეტიდან 50.3 ათასი ლარი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები

Back to top button