სპეციალური ტრიბუნალი რუსეთისთვის-წარმომადგენელთა პალატა ბაიდენს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
რუსეთს შესაძლოა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭიროს. დოკუმენტი განსახილველად წარმომადგენელთა პალატას გადაეცა.
რეზოლუციის თანახმად, წარმომადგენელთა პალატა მკაცრად გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში; მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში; ხაზს უსვამს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მიიჩნევს, რომ არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ცალკეული ლიდერები არიან დამნაშავეები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში და ეს მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების სათანადო სასამართლო გადაწყვეტილებას
აღნიშნული რეზოლუცია პალატაში 31 იანვარს დარეგისტრირდა, რომელიც ორივე პარტიიდან 25-მა კონგრესმენმა წარადგინა.
კომიტეტის წინაშე რეზოლუციის წარდგენისას დემოკრატმა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ის დოკუმენტია, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ძალისხმევისთვის, რათა რუსეთის მთავრობამ პასუხი აგოს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.
“მე პირადად მიმაჩნია რომ საერთაშორისო სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ხმათა უმრავლესობით არის შექმნილი, ტრიბუნალს ამ მხრივ ლეგიტიმურობასა და ავტორიტეტს სძენს.
კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ მაკკოლმა აღნიშნა, რომ რეზოლუციის მიღებამდე კონგრესმენებმა უკრაინის გენერალურ პროკურორს მოუსმინეს და პირადად ნახეს რუსეთის დანაშაულები.
“ამიტომაც მიმაჩნია, რომ სპეციალური ტრიბუნალი შესაფერისია”, – თქვა მაკკოლმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს, რუსეთს უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გამო ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს სტატუსი მიენიჭოს.
სენატში ჩინეთის შესახებ მოხსენებისას სახელმწიფო მდივანს სენატორმა ლინდსი გრეჰემმა ჰკითხა: “არასდროს აპირებთ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოთ, არა?”.
რაზეც ბლინკენმა უპასუხა “არასოდეს თქვა არასოდეს”.
მოგვიანებით ბლინკენმა ისაუბრა იმ სანქციებზე, რაც აშშ-მ რუსეთს უკვე დაუწესა.
წლის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ განაცხადა, რომ რუსეთის კერძო სამხედრო ორგანიზაცია ვაგნერს “ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად” გამოაცხადებს.
უკრაინის ხელისუფლება სხვა ქვეყნებთან ერთად ბაიდენის ადმინისტრაციასაც მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს, მაგრამ აშშ-ის ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.