რეგიონი

ზუგდიდში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დაიგეგმა

შეკრებაზე გააპროტესტებენ რუსეთის შეჭრას უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. აქციის ორგანიზატორი “დროას” ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ სიჭინავაა. მისი თქმით, ახლა უკრაინა გადის სწორედ იმ გზას, რომელიც საქართველომ 2008 წელს გაიარა.

“მაშინაც და ახლაც, პუტინის მთავარი მიზანია ისტორიის გადაწერაა. ცდილობდა და ცდილობს დააჯეროს მთელ მსოფლიოს, თითქოს, რუსეთი არ არის “ბოროტების” იმპერია და რუსეთი არ იწყებს ომს, მაგრამ მრავალწლიანი ისტორია გვაჩვენებს, რომ ომს ყოველთვის რუსეთი იწყებს. მთელი მსოფლიო უსვამს ხაზს, რომ დღეს რუსეთი ისეთ ნაბიჯებს დგამს უკრაინასთან მიმართებაში, როგორიც გადადგა საქართველოსთან.

პუტინი თავისი გამოსვლის დროს გვარწმუნებდა, რომ სურს მშვიდობა და არ ითვისებს არც ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას, მაგრამ ბოლოს დონეცკისა და ლუგანსკის “დამოუკიდებლობის” აქტს ხელი მოაწერა და დღეს დილით აქტიურად ბომბავს უკრაინის ტერიტორიებს”, – აცხადებს მარიამ სიჭინავა.

მისი თქმით, საჭიროა ყველა ერთად დადგნენ და უჩვენონ პუტინს, რომ ცივილურ სამყაროს ეკუთვნიან.

აქცია 18:00 საათზე, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე გაიმართება.

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 24 თებერვალს, დაახლოებით 05:00 საათზე, მძიმე შეიარაღების გამოყენებით რუსეთის ძალები უკრაინას თავს დაესხნენ რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიიდან.

მათივე ცნობით, თავდასხმა ხორციელდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვოს, ჟიტომირის ოლქებში და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდანაც

მსგავსი პოსტები

Back to top button