ზურაბ ჯაფარიძე ენმ-ს დატოვებას ადასტურებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარტიის 4-მა წევრმა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ პარტიიდან წასული პოლიტიკოსების სახელით რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. – ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი2” ავრცელებს.

“ოთხივეს სახელით ვადასტურებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება.

ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე.

მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის. რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას.

მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები “უპასუხისმგებლობასა”და “წნეხის ვერ გაძლებასთან” დაკავშირებით.

ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით,”- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

დღეს, რადიო ჰერეთთან ინტერვიუში, ირმა ნადირაშვილმა, პარლამენტის წევრმა, განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ყოფილი თანაგუნდელები ახალ პარტიას აფუძნებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button