მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

თელავში დაკავებული გიორგი ქიტოშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თელავში, წუხელ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ახალგაზრდა, გიორგი ქიტოშვილი მოსამართლე თამარ კაპანაძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

კაპანაძემ მიზეზად დღეს ჩანიშნული რამდენიმე პროცესი დაასახელა. მისივე თქმით, იმის გამო, რომ ადმინისტაცული წესით დაკავებული პირის 12 საათზე მეტი დროით პატიმრბაში ყოფნა დაუშვებელია, გიორგი ქიტოშვილი დარბაზიდან გათავისუფლდა.

მორიგი პროცესი 30 მარტს ჩაინიშნა.

დაუმორჩილებლობისა და შეურაცხყოფის ბრალდებით 6 მარტის საღამოს თელავში დაკავებული 25 წლის ახალგაზრდა გიორგი ქიტოშვილი პოლიციელებს ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს. დაკავების ამსახველი ვიდეომასალა, თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელ ფეიბუქში გაავრცელა. ამ მასალის მიხედვით, გიორგი ქიტოშვილი პოლიციელებს ეუბნება, რომ სუმთქვა უჭირს. „ეგ არის თქვენი მოქცევა, გავიგუდე, ყელში ნუ მიჭერ“, – ამ სიტყვებით მიმართავს დაკავებული პოლიციელებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები კი ქიტოშვილს განუმარტავენ, რომ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული.
ეს მუხლი გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლისთვის დაუმორჩილებლობას.

გიორგი ქიტოშვილის მამა, ანზორ ქიტორშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ავტომანქანას რომელიც საპატრულო პოლიციამ გააჩერა და რომელსაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ედავებოდნენ, მისი შვილი არ მართავდა, თუმცა იმ ავტომობილში იჯდა. ანზორ ქიტორშვილის თქმითვე, მისმა შვილმა პოლიციელებს უთხრა, რომ ავტომობილის მძღოლი უსამართლოდ იყო გაჩერებული და მისი დაჯარიმების საფუძველი არ არსებობდა, რასაც პოლიციელების მხრიდან აგრესია და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულის მამის თქმით, გიორგი ქიტოშვილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

გიორგი ქიტოშვილის ბრალდებებს, რომ მისი დაკავებისას პოლიციამ ძალას გადაამეტა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ თქვა, რომ სამართალდამცველებმა პროპორციული ძალა გამოიყენეს და ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

“მოქალქე გიორგი ქიტოშვილი იყო მგზავრი. სამართალდამრღვევ მძღოლს არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა საპატრულო პოლიციასთან, მგზავრი კი მანქანიდან გადმოვიდა და პატრულ-ინსპექტორებს ხელს უშლიდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში. არაერთგზის მოწოდებისა, რომ ის წასულიყო და დამჯდარიყო მანქანაში, არ ემორჩილებოდა პატრულ-ინსპექტორის კანონიერ მოთხოვნებს. ამის შემდეგ მათ [პატრულმა] მოახდინეს მისი დაკავება. ვნახე ვიდეოკადრები ასევე სხვა კადრებიც მაქვს ნანახი, პოლიციამ პროპორციული ძალა გამოიყენა. არანაირ გადამეტებას არ ჰქონია ადგილი,”- განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button