ზვიად ფოჩხუა: ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას რუსული მენეჯმენტი მართავს
“ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას რუსული მენეჯმენტი მართავს, სწორედ ამიტომაც გამოჩნდა მათ ვებგვერდზე აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკა” – ამის შესახებ ზვიად ფოჩხუამ, IFJ-ის წევრი ორგანიზაციის “დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის” პრეზიდენტმა ექსკლუზიურ ინტერვიუში რადიო ჰერეთს განუცხადა და გაახმოვანა იმ წერილის შინაარსი, რომელიც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტისგან იუონეს მჯაჰედისგან მიიღო.
ზვიად ფოჩხუა აღნიშნავს, რომ ფედერაციის მაროკოელი პრეზიდენტი რუსული გავლენების ქვეშ მოიქცა და ეს მისთვის როგორც პროფესიონალისთვის კარიერის დასასრულია.
იგი არ გამორიცხავს, რომ “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია” საქართველოსთან ერთად ევროპის წამყვანი ქვეყნების ჟურნალისტთა კავშირებმა და ჟურნალისტებმაც დატოვონ და დაიშალოს კიდეც, სწორედ ესაა რუსეთის მიზანიც – აღნიშნავს ზვიად ფოჩხუა.
ზვიად ფოჩხუა ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ფედერაციაზე რუსეთი რამდენიმე წელია ფულადი დახმარების სანაცვლოდ გავლენების მოპოვებას ცდილობდა. მას მოლოდინი აქვს, რომ დიპლომატიური მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკება ევროკავშირის წარმომადგენლობასთანაც უნდა აწარმოოს.
მოუსმინეთ ინტერვიუს, რომელიც რამაზ სამხარაძემ ჩაწერა
IFJ -მ (ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ) ჟურნალისტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა და გავლენიანმა გაერთიანებამ, აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, წევრი ქვეყნების სიაში შეიყვანა და ინფორმაცია ამის შესახებ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა.
IFJ-ი 20-იან წლებში დაარსდა და მჭიდრო კავშირი აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. აერთიანებს არაერთ ჟურნალისტთა კავშირს და მსოფლიოს 300 000 – ზე მეტ ჟურნალისტს.