“საქართველოში რუსული პროპაგანდა გაძლიერებულია” – IDFI-ის კვლევა

“საქართველოში პრორუსული პროპაგანდა გაძლიერებულია”, – ამის შესახებ საუბარია IDFI -ის ანგარიშში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის შეფასებით 2013 წლის შემდეგ რუსული პროპაგანდა გაძლიერდა როგორც მედიაში, ისე პოლიტიკაში. ისინი ამის მიზეზად ხელისუფლების პოლიტიკას ასახლებენ და ამბობენ, რომ მთავრობამ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფოებრივი ხედვა უნდა ჩამოაყალიბოს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია საუბარი, საზოგადოებაში პრორუსული განწყობის გაძლიერებამ, შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

რაში მდგომარეობს საფრთხე

საქართველომ – ქვეყანამ, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია რუსეთის საინფორმაციო ზემოქმედების მიმართ – არ უნდა დააყოვნოს ამ მზარდი, სერიოზული საფრთხის აღიარება და უნდა შეიმუშაოს პროპაგანდასთან ბრძოლის შესაბამისი სტრატეგია.

თუ საქართველოს მთავრობა ვერ შეძლებს კრემლის პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას:

შესუსტდება ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა და გაიზრდება რუსეთთან დაახლოების მხარდამჭერთა რიცხვი, რითიც საფრთხე შეექმნება ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უსაფრთხოებას.
გარეშე მტრულ ძალას მიეცემა საშუალება, მოახდინოს გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგზე, რითიც საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს.
დეზინფორმაციული კამპანიის შედეგად საქართველოს ამომრჩეველთა შორის გაიზრდება გაურკვევლობისა და დისონანსის დონე, რაც ხელს შეუშლის ამომრჩეველს, მიიღოს ფაქტებზე და არა ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ამით, გარეშე ძალა შეასუსტებს ქართულ დემოკრატიას და გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ამასთან, შემცირდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ მოსახლობის ნდობა, შემცირდება მათი ლეგიტიმაცია.
საზოგადოებაში გაძლიერდება ქსენოფობია და გაღვივდება ეთნიკური და რელიგიური შუღლი, შესუსტდება სამოქალაქო ერთიანობა და გართულდება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტეგრაცია.

კრემლის საინფორმაციო ომი, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ისეთი დონის პრობლემაა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს აქვს საკმარისი ბერკეტი და რესურსი, გაუწიოს მას ეფექტინი წინააღმდეგობა.

პოლიტიკის დოკუმენტის ბოლო ნაწილში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა მეთოდებით და საშუალებებით შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას დაუპირისპირდეს კრემლის საინფორმაციო ომს.

 

კრემლის პროპაგანდის არხები საქართველოში

მედია საშუალებები – საქართველოში კრემლის პროპაგანდის ძირითადი საყრდენი მედია საშუალებებია. მინიმუმ ერთი ტელევიზია, რამდენიმე ინტერნეტ-ტელევიზია, ბეჭდური გამოცემა და ვებ-გვერდი გამოირჩევა ანტი-დასავლური „მესიჯ-ბოქსით“ და ინფორმაციის გავრცელებისას ძირითადად ეყრდნობა რუსულ წყაროებს.[1] თვალშისაცემია რუსული პროპაგანდის გამავრცელებლების მიერ სოციალური ქსელების აქტიური გამოყენებაც, როდესაც ხდება დეზინფორმაციის ან ანტიდასავლური ნარატივის შემცველი ინტერნეტ-მასალების ვირუსული გავრცელება.[2]

საქართველოში რუსული მედია საშუალებებიდან ქართულ ენაზე მხოლოდ „სპუტნიკი-საქართველო“ ფუნქციონირებს. თავად „სპუტნიკი“ (Sputnik) კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი მულტიმედიური პროექტია, რომელიც გლობალურ მასშტაბზე 2014 წლიდან გავიდა.[3] საქართველოში „სპუტნიკმა“ რადიო მაუწყებლობის დაწყება 2014 წლის ნოემბერში, „რ-რადიოს“ კუთვნილ FM 101.4 სიხშირეზე, უკანონოდ სცადა. მაუწყებლობის დაწყებიდან მალევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) „რ-რადიოზე“ სანქციები დააწესა და დააჯარიმა.[4] ამ შემთხვევის შემდეგ, „სპუტნიკი-საქართველო“ მხოლოდ ონლაინ პლატფორმით სარგებლობს.

საყურადღებო იყო ასევე ქართულ ტელესივრცეში რუსეთის პირველი არხის (OPT) მაუწყებლობის მცდელობა, რომელიც ვერ შედგა.

2015 წლის 26 ნოემბერს, GNCC-მა, რომლის ფუნქციებში შედის საქართველოში მაუწყებლობის რეგულაცია, ქართულ შპს „რ.ბ.ჯ“-ს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე  OPT-ს რეტრანსლირებას ახდენდა, რეგულაციის წესების დარღვევისათვის მაუწყებლობა აუკრძალა და 2,500 ლარით დააჯარიმა.[5] მანამდე კი, 2015 წლის ივნისში, ამავე კომპანიას, OPT-ის გადაცემების რუსულ ენაზე გაშვებისათვის კომისიამ გაფრთხილება მისცა და დარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაავალა.[6]

მიღებული გაფრთხილების შემდეგ შპს „რ.ბ.ჯ“-მა ქართულ ენაზე ნათარგმნი OPT-ის გასართობი გადაცემების გაშვება დაიწყო OPT-ის ლოგოთი „სტერეო +“-ის ეთერში.[7]

 

 

რუსული მედია ქართულ სატელევიზიო სივრცეში

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ საქართველოში ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ტელევიზიაა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2016 წლის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ტელევიზიას ასახელებს.[8]

 

გამოკითხვები ასევე აჩვენებს, რომ ქართველი ტელემაყურებლების თითქმის ნახევარი (47%) ქართული არხების გარდა უცხოურ არხებსაც უყურებს.[9] ყველაზე პოპულარული უცხოური არხები კი რუსული არხებია (HTB, ORT და RTR) (იხ. სურათი #2).[10]

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევის მიხედვით, საქართველოს ტელემაყურებელთა 23% პოლიტიკური და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას იღებს უცხოური არხებიდან,[11] რომელთა უმეტესობა რუსულია, გამოდის, რომ პოტენციურად კრემლის პროპაგანდას, შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს ტელემაყურებელთა მეხუთედზე.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები – საქართველოში კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია ბოლო დროს მომრავლებული პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელთა შორის განსაკუთრებით ორი ორგანიზაციის გამოყოფა შეიძლება – „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“. ეს ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით და იმით, რომ ანალიტიკური ნაშრომების თუ სტატიების გამოქვეყნებისას ეფუძნებიან რუსულ წყაროებს.

 

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების დამფუძნებელთა და ხელმძღვანელთა სიაში, ხშირად, ერთი და იგივე პირები მეორდებიან. ორგანიზაციებს შორის კავშირი მათ ვებ-გვერდებზეც არის მითითებული. გარდა ამისა, პრო-რუსული არასამთავრობო ორგანიზაციების ამ ქსელს ასევე აქვს კავშირები ანტი-დასავლური რიტორიკით გამორჩეულ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებასთან.

  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (ა(ა)იპ) „ევრაზიის ინსტიტუტის“ 5 წლის მოღვაწეობის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციამ დააფუძნა ა(ა)იპ „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“[12];
  • „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე, ნანა დევდარიანთან ერთად არის ა(ა)იპ „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. ნანა დევდარიანის მიერ დაფუძნებულია ა(ა)იპ „გლობალური კვლევების ცენტრი“ და ა(ა)იპ „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“;
  • ნანა დევდარიანის გარდა, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ თანადამფუძნებელია მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის“ მფლობელი მალხაზ გულაშვილი;
  • ა(ა)იპ „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. ის ასევე არის ა(ა)იპ „ერეკლე მეორის საზოგადოების“ გამგეობის წევრი. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაც – „პატრიოტი TV“.[13]

ჩამოთვლილი ორგანიზაციები გამოირჩევიან ანტი-დასავლური და პრო-რუსული რიტორიკით.

პოლიტიკური პარტიები საქართველოში კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლები პოლიტიკურ სპექტრშიც ფართოდ არიან წარმოდგენილნი.[14] რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური მოღვაწეები, პირდაპირ ან ირიბად,  ავრცელებენ კრემლის პროპაგანდას. ამ პოლიტიკური პარტიების ორ ნაწილად დაყოფა შეგვიძლია:

 

  1. პარტიები, რომლებსაც ღიად პრო-რუსული დღის წესრიგი აქვთ, ხვდებიან რუს პოლიტიკოსებს და სტუმრობენ მოსკოვს;
  2. პარტიები, რომლებიც დეკლარირების დონეზე ემიჯნებიან რუსულ პოლიტიკურ ელიტას და სანაცვლოდ საკუთარ თავს აცხადებენ „პრო-ქართულ“, ნეიტრალიტეტის მომხრე პარტიებად.

განსხვავების მიუხედავად, ორივე სახის პოლიტიკური პარტიის ძირითადი გზავნილები ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გაღვივებას უწყობს ხელს. საქართველოს დასავლური ინსტიტუტებისკენ სწრაფვა წარმოჩენილია, როგორც უშედეგო; სანაცვლოდ, ხდება პრო-რუსული განწყობისა და საქართველოს ნეიტრალიტეტის იდეის პოპულარიზაცია.

აღსანიშნავია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი წევრების მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი გზავნილების და ზოგჯერ მკაფიოდ ანტი-დასავლური განცხადებების გავრცელება, რაც, ირიბად თუ პირდაპირ, კრემლის პროპაგანდის მიზნებს ემსახურება.[15]

სასულიერო პირები დასავლურ კულტურასთან ქართული ტრადიციების შეუთავსებლობის მითს ასევე ავრცელებენ საქართველოს ეკლესიის კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები. რთულია დავადგინოთ,  ეკლესიის რა ნაწილს შეადგენს ეს ჯგუფი, თუმცა, საგულისხმოა, რომ ბევრი სასულიერო პირი ქადაგებაში ავითარებს მითს რუსეთთან ცივილიზაციური ერთობისა და დასავლეთთან იდეური თუ მორალური შეუთავსებლობის შესახებ.[16]

სასულიერო პირების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან კრემლის პროპაგანდისტული გზავნილების ირიბად თუ პირდაპირ გავრცელება, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან, ქართულ საზოგადოებაში ისინი მაღალი ნდობით და გავლენით სარგებლობენ.[17]

NDI-ის 2016 წლის ივნისის კვლევით ირკვევა, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხულთა 35%-ის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მრევლის ან მღვდლის პოლიტიკურმა შეხედულებებმა.[18]

რეკომენდაციები

 

  1. კრემლის საინფორმაციო ომი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს საფრთხედ  შესაბამის დოკუმენტებში
  1. რუსეთის პროპაგანდასთან დაპირისპირებისთვის აუცილებელია მთავრობამ შეიმუშავოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიანი და ადეკვატური  სტრატეგია
  1. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) პროპაგანდასთან ბრძოლა უნდა გამოაცხადოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად
  2. საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას დეზინფორმაციის ანალიზის,  რეაგირების და პორპაგანდასთან ბრძოლის კოორდინაციის ჯგუფი
  3. ერთიანი გზავნილი ხელისუფლების მხრიდან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ
  4. უნდა გაიზარდოს არასამთავრობო ორგანიზაციების  ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტები
  5. საქართველოს მთავრობამ მიზნობრივი პროგრამების განხორციელებით ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებას
  6. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით იხილეთ ბმული: http://bit.ly/2bCPLf0

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button