აშშ უკრაინას შეიარაღების ახალ პარტიას უგზავნის

15 ივნისს შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების ახალ პარტიას უგზავნის. ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა კიევი დასავლეთის ქვეყნებისგან დაჟინებით ითხოვს მეტ სამხედრო დახმარებას დონბასის რეგიონში რუსეთის ჯარების იერიშის ფონზე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ქვეყნების მეთაურებმა რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს.
“მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა განგვეხილა რუსეთის სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. დავადასტურე ჩემი მზადყოფნა, რომ აშშ უკრაინის გვერდით იდგება მისი დემოკრატიის დაცვაში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის წინაშე.
მე ვაცნობე პრეზიდენტ ზელენსკის, რომ აშშ გამოუყოფს უკრაინას კიდევ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარებას, დამატებითი არტილერიისა და სანაპირო თავდაცვის იარაღის, ასევე არტილერიისთვის აღჭურვილობისა და მოწინავე სარაკეტო სისტემების ჩათვლით, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ დონბასში მათი თავდაცვითი ოპერაციის მხარდასაჭერად,” – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
აშშ კვლავაც მზადაა, დაეხმაროს უკრაინელ ადამიანებს, „რომელთა სიცოცხლე ომმა გაგლიჯა,“ ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.
დახმარება მოიცავს რაკეტებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისთვის, რომლებიც უკვე გაიგზავნა უკრაინაში, ასევე საარტილერიო ჭურვებს ჰაუბიცებისთვის და სათადარიგო ნაწილებს.
დღეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში შეხვედრა გამართა მოკავშირე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მათ უკრაინის დახმარების შესახებ ითათბირეს. ოსტინმა თქვა, რომ დასავლეთმა უნდა გაზარდოს იარაღის მიწოდება და „მეტი ღონე იხმაროს, რათა უკრაინამ შეძლოს დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი მოქალაქეები და საკუთარი ტერიტორია“.
ოსტინმა მადლობა გადაიხადა მთელი სამხედრო დახმარებისთვის, რომელიც პარტნიორებმა გაგზავნეს უკრაინაში ან ამის პირობა დადეს, მაგრამ დასძინა: „ჩვენ არ გვაქვს მოშვების უფლება და ორთქლს ვერ გამოვუშვებთ. საქმე გვაქვს ძალიან დიდ ფსონთან.“
ოსტინის თქმით, ამჟამად აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარება ორი წყაროდან ხორციელდება. ერთია იარაღი უშუალოდ აშშ-ის არმიის საწყობებიდან და მეორეა უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივა – კონგრესის მიერ დამტკიცებული ცალკე პროგრამა.
რაც შეეხება ჰუმანიტარულ ხარჯებს, ამისთვის აშშ 225 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, რაც “სუფთა სასმელი წყლის, კრიტიკული სამედიცინო მარაგების, წამლების, საკვების, თავშესაფრისთვის იქნება განკუთვნილი”.
$1 მილიარდიან დახმარებაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საბრძოლო მოქმედებები 100 დღეზე მეტია, გრძელდება. აგრესორი ქვეყანა თავდაპირველად უკრაინის მრავალ ქალაქს ერთდროულად უტევდა, თუმცა, რუსებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ახლა ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარეობს.
უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა უკრაინას მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. შეწყდა ვაჭრობა და ფრენები. ქვეყანა დატოვა ასობით დასავლურმა ბრენდმა.
ომის შედეგად ლტოლვილად იქცა 12 მილიონზე მეტი უკრაინელი მოქალაქე. დაიღუპა ასეულობით ადამიანი, მათ შორის, 287 ბავშვი.