ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა იწყება ლოზუნგით, “შინ ევროპისკენ”
ვადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას სახალხო მოძრაობამ 24 ივნისს მისცა, ამოწურულია. როგორც მოსალოდნელი იყო მთავრობა არ გადადგა, შესაბამისად ქვეყანაში ახალი საპროტესტო ტალღა იწყება ლოზუნგით, “შინ ევროპისკენ” რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილია. დემონსტრაციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, აქციაზე დასასწრებად მოსახლეობა რეგიონებიდან ჩამოვიდა, მათ მსვლელობითა და შეძახილებით შეუერთდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები.
აქციის ორგანიზატორმა, მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ისინი მთელი ღამე არ დაიშლებიან.
ეს არის მესამე აქცია, რომელსაც სახალხო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” მართავს. წინა ორმა აქციამ ათიათასობით ადამიანი შეკრიბა, მონაწილეთა მნიშვნელოვანი რაოდენობა ახალგაზრდები იყვნენ, საპროტესტო აქციას თბილისის 15-მდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დაუჭირეს მხარი.
მოძრაობის მოთხოვნებია, გადადგეს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა. ულტიმატუმი დღეს, შუაღამისას იწურება.
აქციის ორგანიზატორების თქმით, „პროტესტი უფრო ინტენსიური გახდება, თუმცა დარჩება მშვიდობიანი და არაძალადობრივი“.
ამასთან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში “ქართულ ოცნებას” უნდობლობას უცხადებენ და ისტორიული პოლიტიკური პროცესის სიმულაციაში ადანაშაულებენ.
შეკრებილ დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა მწერალმა ლაშა ბუღაძემ. მისი თქმით, ისინი უფლებას არ მისცემენ “ქართულ ოცნებას”, რომ ეს 6 თვეც ისე გაიყვანონ, როგორც აქამდე თვეები და წლები.
“ჩვენი პირობები ცნობილია, ევროკავშირის რეკომენდაციები, 12 პუნქტი ცნობილია და ამის შესახებაც დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, ჩვენ ველოდებით ამ პუნქტების ასრულებას, არ გვაქვს მოლოდინი, რომ “ქართული ოცნება” ამას გააკეთებს, ჩვენ არ ვენდობით “ქართულ ოცნებას” და ჩვენ არ მივცემთ მათ საშუალებას, რომ გაგვაცურონ, მოგვატყუონ და 6 თვეც ისე გალიონ, როგორც აქამდე ეს თვეები და წლები,” – აცხადებს ლაშა ბუღაძე.
მოძრაობა “სირცხვილიას” დირექტორი, გიორგი მჟავანაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა აქციაზე მომზადებული უნდა მოვიდეს, რადგან დემონსტრანტებს დღევანდელი ღამის პარლამენტის წინ გათენება მოუწევთ.
“მოქალაქეებს მივმართავ, მზად იყვნენ იმისთვის რომ დღეს აქ ჩვენ ერთი ღამის გათევა მოგვიწევს და ამას ექნება ძალიან კონკრეტული მიზანი, რომელსაც ჩვენ აქციის განმავლობაში მოქალაქეებს გავაცნობთ. ამიტომ მოვიდნენ მომზადებულები, რაც შეიძლება ღამის გასათევად დასჭირდეთ, ეს იქნება სამოსი, საკვები, წყალი თუ ა.შ, იყვნენ მზად, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვამბობთ – ვირჩევთ ევროკავშირს და ვირჩევთ ევროპულ მომავალს და ამასთანავე ვაცხადებთ რომ ამ არჩევნის დაცვისთვის მზად ვართ, ჩვენ უნდა გავიღოთ გარკვეული ძალისხმევა ამისთვის,” – თქვა მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, სახალხო მოძრაობა ითხოვდა ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 28 ივნისს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების მიტაცების კიდევ ერთი სურვილი.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
რუსთაველის გამზირზე, აქციის დაწყებამდე 2 საათით ადრე, შსს-მ მობილიზება დაიწყო. პარლამენტის შოდა ეზოში უკვე შეიყვანეს პოლიციის ავტობუსები. სამართალდამცველების გადაადგილება შეინიშნება კანცელარიის ტერიტორიაზეც.