საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, საგამოცდო სამზადისი დასრულებულია და ქვეყნის მასშტაბით არსებული 22-ვე ცენტრი მზადაა გამოსაცდელების მისაღებად. გორგოძის თქმით, 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.
თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობით, მედიის წარმომადგენლებისთვის ღია კარის დღე მოეწყო და მათ საგამოცდო პროცესის პროცედურები გააცნო.
საქართველოს მასშტაბით გახსნილი ცენტრები წელს დარეგისტრირებულ 90 000 ათასამდე გამოსაცდელს მოემსახურება.
რეგისტრაცია 22-ივე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად, ზუსტად 08:00 საათზე დაიწყება, გამოცდა კი – 09:00 საათზე.
მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დრო 14:00 საათია, გამოცდის კი – 15:00 საათი. ტრადიციულად საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნება.
“შეიძლება ითქვას, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების და სხვა გამოცდების დასაწყებად სრულ მზადყოფნაშია. ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში ყველა ჩვენი თანამშრომელი უკვე ადგილზე იმყოფება. გუშინ ყველა ტექნიკური მოწყობილების გამოცდა მოხდა. დღეს ყველა თანამშრომლის ჩართულობით, მთელი ამ საგამოცდო პროცესის ე.წ. მოდელირება გვაქვს – ჩვენ ამას გენერალურ რეპეტიციას ვუწოდებთ. ხვალ დილის 6 საათიდან საგამოცდო ცენტრები გაიხსნება და 8 საათიდან დილის სესიის აბიტურიენტებს, ხოლო 2 საათიდან შუა დღის სესიის აბიტურიენტებს ველოდებით,” – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
რეგისტრაციაზე დაგვიანების შემთხვევაში აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან. მათ საგნების, სექტორებისა და საათების შესახებ ინფორმაციის მიღება საგამოცდო ბარათიდან შეუძლიათ. ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ცენტრში გამოცხადებისას აუცილებლად თან უნდა იქონიონ.
წელს დარეგისტრირებულია 90 000-მდე აპლიკანტი, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა. მათ შორის არიან აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე და პედაგოგების გამოცდაზე გამსვლელები. მიუხედავად იმისა, რომ წელს პანდემიის პირობებში პირველად პროცესი რეგულაციების გარეშე ჩაივლის, სურვილის შემთხვევაში პირბადის ტარება შესაძლებელია.
იმ შემთხვევაში თუ, აპლიკანტს გამოცდის დღეს ლაბორატორიულად „კოვიდ-19“ აქვს დადასტურებული და ჯერ არ არის გასული საიზოლაციო შვიდდღიანი ვადა, გამოცდაზე დასწრებას ვერ შეძლებს. მას საგნის ჩაბარების უფლება დადასტურებიდან მე-8 დღეს მიეცემა. მანამდე, ვირუსის გამო გაცდენილ საგნებს კი სპეციალურად მსგავსი შემთხვევებისთვის დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ. ასეთი კატეგორიისთვის უკვე შექმნილია ახალი ტესტები.
„კოვიდინფიცირებას რაც ეხება, აბიტურიენტს საშუალება აქვს გამოცდაზე მოვიდეს დადასტურებიდან მე-8 დღეს. ჩვენ უკვე ცხელ ხაზზე შემოგვივიდა რამდენიმე ზარი, კოვიდინფიცირებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, 4 ივლისს რამდენიმე აბიტურიენტი გამოეთიშება ამ პროცესს, ვინაიდან მათი ინფიცირებიდან შვიდი დღე არ იქნება გასული. ჩვენ მათ განმეორებით ჩავუტარებთ გამოცდას. მინდა, ყურადღება გავამახვილო, რომ გამოცდის დღეს, მას უკვე უნდა ჰქონდეს ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდი ან არ უნდა იყოს მე-8 დღე. თუ გამოსაცდელს აქვს ეჭვი, რომ მას შეიძლება ჰქონდეს კოვიდი, თუ მას ლაბორატორიულად დადასტურებული არ აქვს, მას განმეორებითი სესია არ დაენიშნება. სჯობს, მოვიდეს, გვაცნობოს, რომ მას ასეთი ეჭვი აქვს და ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ის დავსვათ სარეზერვო სექტორში უსაფრთხოდ“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად, 2022 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებას საერთო სამაგისტრო გამოცდას და სტუდენტთა საგრანტო კონკურსს უწევს, ასევე საგნის/პროფესიული უნარების/უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას წარმართავს.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.
წელსაც ყველა ცენტრი აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.