ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის მიერ გატაცებული 2 მძევალი გაათავისუფლეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის მიერ გატაცებული 2 მძევალი გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, 60 და 70 წლის მამაკაცები ტერორისტებმა 7 ოქტომბერს, კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს.
გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამხედროების თქმით, სპეცოპერაცია ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რაფაჰში ჩატარდა. მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქზე ინტენსიური იერიშები მიმდინარეობდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაფაჰზე იერიშის შედეგად დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი, დაშავდა ათობით. დასავლური მედია წერს, რომ ღაზის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქზე დარტყმები ისრაელმა თვითმფრინავების, ტანკებისა და გემების გამოყენებით მიიტანა.
ამასთან, თეთრი სახლი მოუწოდებს ისრაელს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის სანდო გეგმის არსებობის გარეშე რაფაჰში ოპერაცია არ დაიწყოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
რამდენიმე ქვეყანამ და დახმარების ორგანიზაციამ ისრაელი გააფრთხილა, რომ რაფაჰზე თავდასხმას კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი ამბობს, რომ ქალაქ რაფაჰში შეტევის გეგმების კრიტიკა გადაჭარბებულია.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მედიასთან საუბრისას პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გასასვლელს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. თემა აქტუალური იყო ნეთანიაჰუს ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრის დროსაც. “ჰამასი” კი აცხადებს, რომ რაფაჰზე ისრაელის ძალების შეტევა მძევლების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას ნიშნავს.
23 ნოემბერს, ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.
ქალაქს ღაზის სექტორს სხვა ნაწილებიდან დევნილმა 1,3 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი.
თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სპეციალური საპოლიციო ძალების მიერ ერთობლივად განხორციელებული ოპერაციისას ჩვენ დავიბრუნეთ ლუიშ ჰარა და ფერნანდო მარმანი, რომლებიც ნირ იცხაკიდან 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის დროს გაიტაცეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
ორივე კაცი იმ 250-მდე ადამიანს შორის იყო, რომლებიც ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა ჰამასმა 7 ოქტომბერს ისრაელიდან გაიტაცა, ჰამასის იერიშს ემსხვერპლა 1200-მდე ადამიანი. ამ თავდასხმამ ბიძგი მისცა ისრაელის ომს ღაზაში.
ჰაგარის განმარტებით, სპეციალური დანიშნულების ძალები რაფაჰის ცენტრში მდებარე შენობაში ადგილობრივი დროით 13:49 საათზე შეიჭრნენ, რის შემდეგაც საჰაერო ძალებმა ჰაერიდან უზრუნველსაყოფად მოქმედება დაიწყეს. რამდენიმე წუთში გათავისუფლებული ორი მძევალი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ადგილიდან მათი ევაკუაცია კი ვერტმფრენით განხორციელდა.
პალესტინის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ცნობით, გასული ღამის განმავლობაში, რაფაჰზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვარაუდობენ, რომ მრავალი ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებშია მოყოლილი.
ოთხ თვეზე მეტი დროის შემდეგ, მჭიდროდ დასახლებული ღაზის სექტორის დიდი ნაწილი განადგურებულია, დაღუპულია 28,000-ზე მეტი პალესტინელი, დაჭრილია 68,000-მდე ადამიანი – იუწყებიან ღაზის ჯანდაცვის მესვეურები, რომელთა განცხადებით კიდევ ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა დამარხული.
ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი ქვეყნის თავდაცვის ძალების მიერ ორი მძევლის გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ ისრაელი არ გაჩერდება, სანამ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.
“მივესალმები ყველას, ვინც ფერნანდო და ლუისი, გაბედული სამაშველო ოპერაციის წყალობით, სახლში დააბრუნა. გავაგრძელებთ ყველანაირად მოქმედებას, რათა ყველა მძევალი სახლში დაბრუნდეს”, – ამბობს ისრაელის პრეზიდენტი.
ისრაელის ცნობით, ღაზაში ამ დროისთვის, 130-მდე მძევალი იმყოფება.