26 მაისს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება
26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება, პრემიერ-მინისტრი კი, დამოუკიდებლობის დღეს ვაზიანში, თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების თანახმად, გადაწყვეტილება პანდემიის პირობებში ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად მიიღეს.
განცხადების თანახამად, გიორგი გახარია 26 მაისს ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად იქნება, სახელმწიფო უწყებები კი, დამოუკიდებლობის დღეს “სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ”.
“მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ჩვენი ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს”. – აღნიშნა საკითხის კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ირაკლი ჩიქოვანმა.