მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

5 ოპოზიციური პარტიის საარჩევნო სია გაუქმებულია

5 პარტიის და ბლოკის კანდიდატთა საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმებულია, შესაბამისი განკარგულება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ გამოსცა .

ესენია :

“ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”,”ლეიბორისტული პარტია”, პარტია “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი”.

სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ჟვანიას თავად პარტიების თავმჯდომარეებმა მიმართეს.

საარჩევნო სიებში რჩებიან დეპუტატებად არჩეული წევრები, რომელთა უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტმა 11 დეკემბერს ცნო.

ოპოზიციიდან პარლამენტის მანდატები მოიპოვა კიდევ სამმა საარჩევნო სუბიექტმა – “გირჩმა”, “პატრიოტთა ალიანსმა” და “მოქალაქეებმა”.

2020 წლის 31ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, 150-წევრიან პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 90 დეპუტატი ჰყავს. დანარჩენი 60 მანდატი 8 ოპოზიციურ საარჩევნო სუბიექტზე განაწილდა

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან.

ოპოზიციამ ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთვაზეს.

მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.

11 დეკემბერს გაიმართა ახალი, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც მხოლოდ “ქართული ოცნებიდან” არჩეული დეპუტატები ესწრებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button