53%: “რწმენა გვიცავს კორონავირუსისგან”
გამოკითხული თითქმის ყოველი მეხუთე ადამიანი, 17 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის შედარებით დაბალი მაჩვენებელი გენეტიკისა და რელიგიის დამსახურებაა. ეს აჩვენა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევამ, რომელიც კორონავირუსსა და დეზინფორმაციაზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ასახავს.
ეპიდსიტუაციის კარგ შედეგს გამოკითხულთა 73 პროცენტი ექიმებსა და ხელისუფლებას უკავშირებს.
“ეს იყო მთავრობისა და ექიმების სინქრონში მუშაობა, ექიმების მიერ სწორად შერჩეული პროტოკოლი და მკურნალობა და შეზღუდვები. მთავრობამ იმუშავა, ყველა აღიარებს ამას, – უმაღლეს დონეზე.” – ვკითხულობთ კვლევაში მოყვანილ ციტატას, რომელიც ფოკუსჯგუფში მონაწილე, ზუგდიდში დასაქმებულმა 55 წლის კაცმა თქვა.
საქართველოში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა, 53 პროცენტი ფიქრობს, რომ “რწმენა იცავს მათი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან”. ეს შედეგი აჩვენა “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევამ იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, არათუ მორწმუნეები, სასულიერო პირებიც დაავადდნენ ამ ვირუსით.
მოსაზრებას, რომელიც კორონავირუსისგან ადამიანის რწმენის დაცვას შეეხება, გამოკითხული ადამიანების მხოლოდ 38 პროცენტი არ იზიარებს. აქვე აღნიშნულია, რომ მართლმადიდებლების მხოლოდ 10 პროცენტი დაესწრო სააღდგომო წირვას, რომელიც კორონავირუსის დროს გაიმართა.
საქართველოში გამოკითხული ყოველი მე-10 მოქალაქე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ინტერნეტტექნოლოგიების გადამცემ სისტემას – 5G-ს უკავშირდება.
ამ კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 45 პროცენტი არ ეთანხმება 5G-სა და კორონავირუსის გავრცელებაზე კავშირის შესახებ გავრცელებულ მოსაზრებას, 16 პროცენტს არ სმენია ამ ტექნოლოგიის შესახებ, 30 პროცენტი კი პასუხობს, რომ “არ იცის”.
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, 66 პროცენტი ფიქრობს, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უშლის კორონავირუსის გავრცელებას.
დეზინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლუგარის ლაბორატორია ხელს უწყობს კორონავირუსის გავრცელებას, გამოკითხულთა მხოლოდ 4 პროცენტი იზიარებს. ცენტრის არსებობის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 6 პროცენტს არ აქვს.
იმ ადამიანების 73 პროცენტი, რომელიც ფიქრობს, რომ ლუგარის ცენტრი ხელს უშლის ვირუსის გავრცელებას, მიიჩნევს, რომ მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი კვლევის მიხედვით, ევროპული და ევროატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც მყარად უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. კერძოდ, გამოკითხულთა 76%-თვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი. ნატოში გაწევრიანებას კი გამოკითხულთა 69% უჭერს მხარს.
ამასთან, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია გამოკითხულთა 8%-თვის, ხოლო ნატოში გაწევრიანება 11%-თვის.
კითხვაზე, როგორ შეცვალა პანდემიამ ევროკავშირის მიმართ თქვენი დამოკიდებულება, გამოკითხული მოსახლეობის 61% ამბობს, რომ პანდემიას მათ დამოკიდებულებაზე საერთოდ არ მოუხდენია გავლენა, 19%-ის მოსაზრება დადებითისკენ შეიცვალა, ხოლო 9%-ის უარყოფითისკენ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის დროს შეკითხვა დაისვა ასევე იმის შესახებ, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან ინტეგრაციით?
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით მეტ სარგებელს მიიღებს და მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ, უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით, 1 550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.