-7 გრადუსი გომბორში – უამინდობა საქართველოში

ნალექისა და ყინვის გამო შეზღუდვებია გომბორის უღელტეხილზე. ვაზიანი-გომბორი-თელავის ამ მონაკვეთზე ტემპერატურა წუხელ -7 გრადუსამდე დაეცა. დაიყარა ტექნიკური მარილი თუმცა, თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენლები მძღოლებს გზის ამ მონაკვეთზე ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

უამინდობის გამო სპეციალისტები იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრებლებს ურჩევენ ნუ დატოვებენ სახლებს თუ აუცილებელი არ არის. ძლიერი ქარი და ყინვა მთელს საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი 24 ნოემბრის ჩათვლით უნდა იყოს. ამ პერიოდის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე საკმაოდ დაბალი იქნება. სპეციალისტები ვარაუდოობენ, რომ ხუთშბათიდან გამოიდარებს.

უამინდობა ქუთაისში უკვე მეორე დღეა პრობლემებს ქმნის – ქარმა 31-ე საჯარო სკოლას სახურავი გადახადა. ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლის დირექციამ სასწავლო პროცესის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
თამარ მეფის ქუჩაზე კი შუახნის ქალს მშენებარე ტაძრის ხარაჩოდან ჩამოვარდნილი ხის ნაჭერი დაეცა. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობა სტაბილური.

პრობლემებია აეროპორტშიც. მგზავრების ინფორმაციით, ორ დღიანი ლოდინის შემდეგ ფრენები ევროპის მიმართულებით დღის მეორე ნახევარში უნდა განახლდეს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 106-123 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი პოსტები

Back to top button