მნიშვნელოვანისაქართველო

“მედია არ არის პრესსამსახურების დანამატი” – ჟურნალისტების მიმართვა პრემიერს

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია,“ რომელიც 363 ჟურნალისტს აერთიანებს, 28 მედიასაშუალებასთან ერთად, მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს მედიასთან კომუნიკაციის სტრატეგიას.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო უწყებების პრესსამსახურის ხელმძღვანელებისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციის წევრი და არაწევრი ჟურნალისტები საუბრობენ რამდენიმე სამთავრობო, განსაკუთრებით ძალოვანი უწყების მიერ ჩამოყალიბებულ ცუდ პრაქტიკაზე, როდესაც ბრიფინგის ჩანიშვნისას ისე არიან გასაშუქებლად მიწვეულნი, რომ მათთვის უცნობი რჩება ღონისძიების თემა.

ქარტიის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია რედაქციებმა იცოდნენ, რა საკითხზე იმართება ბრიფინგი თუ პრესკონფერენცია, რათა საკუთარი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გათვალისწინებით, სარედაქციო პოლიტიკისა და ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ სურთ, თუ არა დასწრება და გაშუქება.

ქარტია პრემიერ-მინისტრს და სამთავრობო უწყებების პრესსამსახურების ხელმძღვანელებს შეახსენებს, რომ მედია არ არის რომელიმე სამთავრობო უწყების პრესსამსახურის დანამატი და მისი ფუნქცია ბრიფინგისთვის ეთერის დათმობას არ გულისხმობს. მედიის მთავარი როლი საჯარო ინტერესის შემცველი ამბების გაშუქება და საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვების დასმაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button