fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საკონტროლო გამშვები პუნქტები 9 ქალაქში

67
Share Button

ქალაქებთან არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებს ორი დაემატა, – თელავსა და ახალციხეში. გარდა ამისა, ბლოკპოსტები განთავსებულია საქართველოს კიდევ 7 ქალაქში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებშიც ასევე საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც ძალოვანი უწყებები სრულ კონტროლს ახორციელებენ და ავტომობილებით გადაადგილებისას, ამოწმებენ ავტომანქანებში მგზავრების რაოდენობას. მათ თერმოსკრინინგსაც უტარებენ.

დამატებითი გამშვები პუნქტების ამოქმედების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის, – 15 000 ლარით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი