უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლება – პირველი კომენტარები
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმრო დატოვეს.
უგულავას და ოქრუაშვილს საპატიმროსთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და ოჯახის წევრები დახვდნენ.
“მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს არც მე, არც ოქრუაშვილი 100 წელი არ გავახსენდებოდით, ფაქტია, რომ მისი ხელმოწერაა ჩემი შეწყალების აქტზე და ამიტომ, ბუნებრივია, ადამიანურად მას მადლობას ვეუბნები”. – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ციხიდან გიორგი რურუასაც გაათავისუფლებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უგულავას თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მან ასევე მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ კარანტინის პერიოდში თვითიზოლაციაში იყო.
“ერთადერთი შემიძლია, ივანიშვილს მისთვის გასაგებ ენაზე ვუთხრა: როცა გეუბნებიან, რომ „ჩაინიკი“ ხარო, ერთი ადგილიდან ბოლი უნდა გამოუშვა. მთელმა მსოფლიომ უთხრა, რომ „ჩაინიკია“ და შესაბამისად უნდა იმოქმედოს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა.” – განაცხადა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
მოისმინეთ გიგი უგულავას ხმა.
“ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა”. – ამის შესახებ საპატიმროდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ოპოზიციის წევრებს, ასევე დიპლომატებს მადლობა გადაუხადა.
“თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო ცვლილების პროცესის შესახებ, ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ, ეს არის შეთანხმება საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შესახებ და ყველამ კარგად გაითავისოს ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებამ“. – განაცხადა ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის თქმით, მისი დაჭერაც და გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო.
“დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის ჩემთან და კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო? ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა. ჩემი დაჭერაც, გიგის დაჭერაც, რურუას დაჭერაც და ბევრი სხვა ადამიანის დაჭერაც, რომლებმაც დატოვეს საპატიმრო, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და გათავისუფლებაც პოლიტიკის ნაწილია. ეს აღიარეს ისეთი ტრიბუნიდან, რომ სიმართლე გითხრათ, შემრცხვა, რომ ჩვენ ამხელა ყურადღებას გვითმობდნენ. ძალიან მრცხვენოდა „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ლიდერის გამო, რომ ქალბატონი კელი დეგნანის, ბატონი კარლ ჰარცელის, უამრავი კონგრესმენის, სენატორის და ევროპარლამენტარის შესაძლებლობებს, ძალისხმევას, ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებას ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ დეოკუპაციისთვის და უზარმაზარი ეკონომიკური საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ამ ადამიანებს უწევდათ თავიანთი ძალისხმევის გამოჩენა იმის გამო, რომ აქ ვიღაცას გონება აერია. მრცხვენოდა ამის გამო”. – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მოისმინეთ ირაკლი ოქრუაშვილის ხმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.