Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“დროში, ფორმით, მიზეზობრივად განუსაზღვრელი უფლებები”

198
“ეპიდემიისთვის აუცილებელ შეზღუდვებს აწესებთ საგანგებო მდგომარეობის გარეშე”

 

„ხვალიდან სამართლებრივად შეიძლება იმპიჩმენტის გამოცხადება პრემიერ-მინისტრისა და მთავრობისათვის, ასევე პრეზიდენტისათვის, როდესაც იგი მოაწერს ხელს ამ კანონს“. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შეზღუდვებთან დაკავშირებით მმართველის გუნდის კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

დეპუტატმა დოკუმენტის არაკონსტიტუციურობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„საქართველოს კონსტიტუციით, ეპიდემიის შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. თქვენ ეპიდემიისთვის აუცილებელ შეზღუდვებს ხვალიდან აწესებთ საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი არგუმენტი იმისა, რომ ხვალინდელი თქვენი აქტი არის ანტიკონსტიტუციური, ხოლო მისი გამომცემი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი დაექვემდებარებიან იმპიჩმენტს. კარგად დაიმახსოვრეთ, ძალიან ბევრჯერ მოგიწევთ ამ კანონის გამო ცხვირის წამტვრევა“. – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

“თავდაყირა აყენებს ძალაუფლების გადანაწილებას ხელისუფლების შტოებს შორის”

 

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი შეზღუდვებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს. პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვისას, ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონით ეპიდემიის პირობებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ისედაც გათვალისწინებულია, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მიენიჭოს მთავრობას დამატებითი უფლებამოსილებები.

გარდა ამისა, დეპუტატი აცხადებს, რომ კანონპროექტი ქვეყნის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია და იმედს გამოთქვამს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ამ კანონს მალევე გააუქმებს.

„თქვენ, რა თქმა უნდა, ამ კანონს მიიღებთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მალევე გააუქმებს, რადგან ეს აუცილებლად გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობის საგანი. გაუგებარია, რატომ ვაკეთებთ, რა მიზნის, რა სიკეთის დაცვას ემსახურება ასეთი პრობლემური კანონის შემოღება? თუკი რისკები ისე გაიზარდა, გავრცელდა დაავადება და რაც დღეს წერია ჯანდაცვის შესახებ კანონში, არ იქნა ეს საკმარისი, მაშინ მივიღოთ ეს კანონი. ორ დღეში იღებთ, ორ თვეში ხომ არა? დაველოდოთ და თუ გართულდა სიტუაცია ან საგანგებო მივიღოთ ან შეიძლება, ჩვენც გითხრათ, რომ მართლები ხართ და ეს კანონპროექტი მერე მივიღოთ. დღეს არ არის ქვეყანაში ვითარება, რომელიც აუცილებელს ხდის ან ამართლებს ისეთი ნაბიჯის გადადგამს, რომელიც თავდაყირა აყენებს ამ ქვეყანაში ძალაუფლების გადანაწილებას ხელისუფლების შტოებს შორის. ვისაც კონსტიტუცია ესმის, სამართალი და სახელმწიფოს მოწყობა, იმათთვის ეს არის ნომერ პირველი საკითხი“. – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

“ეს საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმაა?“

 

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტის პარლამენტში განხილვისას განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, მთავრობას მიეცემა ადამიანის უფლებების შეზღუდვის განუსაზღვრელი ძალაუფლება.

ხოშტარიას განცხადებით, მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ კანონპროექტით, მათი უფლებები რომელიღაც პოლიტიკოსის ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„პირველ რიგში, განვსაზღვროთ, თუ რაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ პანდემიასთან ბრძოლის აუცილებლობაზე. ამაზე, შეიძლება, მიუხედავად განსხვავებული კრიტიკისა, წინადადებისა, ოპოზიციაც, მოქალაქეებიც არავინ ლაპარაკობს, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირობებში არაა აუცილებელი გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. დღეს ჩვენ პარლამენტარები ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთავრობას მივცეთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის განუსაზღვრელი უფლება. დროში განუსაზღვრელი, მიზეზობრივად განუსაზღვრელი, ფორმით განუსაზღვრელი, როგორც ის გადაწყვეტს. ამ პირობებში, ჩვენ ვლაპარაკობთ საერთოდ ქვეყნის მოწყობის სისტემის ცვლილებაზე. მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ამის შედეგი იქნება, ოპოზიციასა და საარჩევნო პერიოდსაც რომ თავი დავანებოთ, თუმცა ეს კონტექსტიცაა, ნებისმიერი ადამიანის უფლება არის არა დაცული ფილტრებით დემოკრატიული, არამედ დამოკიდებულია რომელიღაც პოლიტიკოსის ნება-სურვილზე.

“ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, ეს კანონი საფრთხეს შეიცავს, მაგრამ ჩვენ კარგები ვართ და არ შეიცავსო. მაინტერესებს, იზიარებთ თუ არა ამ ფორმულირებას, რომ კანონი პრობლემაა, მაგრამ იმის მიხედვით უნდა მივიღოთ ეს კანონი, მოგვწონს თუ არა ხელისუფლება? თუ ამ კანონს იმიტომ ვიღებთ, რომ ცუდად არ მოიქცეს ხელისუფლება?

“მეორე: თქვენ თქვით, პარლამენტის ზედამხედველობა არ ქრებაო. დღეს თქვენ რომ მწვანე ღილაკს რომ დააჭერთო, ეს ხომ პარლამენტის გადაწყვეტილება არისო. ბატონო დიმიტრი, თქვენ მიაგჩნიათ, რომ უბრალოდ, ღილაკის დაჭერით, რაც გინდა მერე მთავრობა აკეთე, ეს საპარლამენტო ზედამხედველობის ფორმაა?“ – განაცხადა ხოშტარიამ.

ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტის სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განაცხადა, ფრაქცია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამასთანავე, მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცებს, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში გადავა.

 

საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს

 

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმად, ახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა.

დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში, შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

პროექტით, სრულიად გამორიცხულია ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საჭიროა გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, თუმცა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საჭირო აღარ არის. როგორც გახარიამ განმარტა, კანონპროექტი არ გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის შეფასება

 

ხუნდაძის ინიციატივას და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს უარყოფითად აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მათ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

გარდა ამისა, პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არაკონსტიტუციურია.

ხელისუფლების მიერ განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭებაზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილიც და აცხადებს, რომ ინიციატივა საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ეძლევა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა.

კანონპროექტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი