მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

დადგენილება იზოლაციაში მყოფი პირებისთვის

მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, იზოლაციაში მყოფმა პირებმა თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავი უნდა შეიკავონ. ამის შესახებ საუბარია დადგენილებაში, რომელიც 23 მაისს მიიღეს.

დოკუმენტის მე-12 მუხლში იზოლაციაში მყოფი პირის უფლება-მოვალეობებზეა საუბარი. კერძოდ კი, აღნიშნულია, რომ:

“იზოლაციაში მყოფ პირს მოეთხოვება თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებისგან თავის შეკავება და ეკრძალება ექიმის დანიშნულების გარეშე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება”.

ამასთან, დადგენილების მიხედვით:

იზოლაციის (თვითიზოლაცია, კარანტინი) სივრცეში იკრძალება ვიზიტორების მიღება;

დასაშვებია იზოლაციაში მყოფი პირის არაპირდაპირი კონტაქტით საკვებისა და პირადი საჭიროების საგნების/ტანსაცმლის, ხოლო საჭიროებისას – მედიკამენტების გადაცემა;

საცხოვრებელ სივრცეში მყოფ სხვა ადამიანებთან კონტაქტი შეზღუდულია მინიმუმამდე. დაუშვებელია 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტი დროით;

იზოლაციის პერიოდში პირი სარგებლობს განცალკევებული ჭურჭლით (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცით და საწოლით, ერთჯერადი ინვენტარით;

იზოლაციაში მყოფ პირს შეუზღუდავად შეუძლია ისარგებლოს სატელეკომუნიკაციო კავშირით (მათ შორის, ინტერნეტით);

იზოლაციაში მყოფი პირის მონიტორინგი ხორციელდება;
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახური კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს იზოლაციაში მყოფი პირის პერიოდულ მონიტორინგს. საჭიროებისამებრ, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი ასევე შესაძლებელია განახორციელონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილმა სამსახურებმა;

იზოლაციაში მყოფი პირის სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში, კლინიკაში/კლინიკიდან ტრანსპორტირება ხორციელდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ, სპეციალური ავტოტრანსპორტით, საჭიროებისამებრ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანხლებით. იზოლაციაში მყოფი პირი სტაციონარში განთავსდება ბოქსირებულ პალატაში, საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;

იზოლაციაში მყოფი პირის მიერ იზოლაციის ადგილის დატოვება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, რის თაობაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესაბამის სამსახურს;

იზოლაციაში მყოფ პირს იზოლაციის პერიოდში ეკრძალება სხვა პირებთან ურთიერთობა, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ რეკომენდებული დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე.

მსგავსი პოსტები

Back to top button