fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საეჭვო კონტრაქტი „ყვარლის ედემთან”

106
Share Button

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, სასტუმრო “ყვარლის ედემის” მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20-23 მარტს „ქართულ ოცნებას” 65 ათასი ლარი შესწირეს, რამდენიმე დღეში კი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან, გამარტივებული შესყიდვის გზით, 277 300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ.

TI მიიჩნევს, რომ ეს კონტრაქტი კითხვის ნიშნებს აჩენს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასტუმროს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მანამდეც ჰქონდა, თუმცა 2013-2019 წლებში, ჯამში, 400 000 ლარის ღირებულების და ერთი კონტრაქტით, აღნიშნულ წლებში არასდროს მიუღიათ 76 000 ლარზე მეტი.

“საქართველოში „კოვიდ 19”-ის ვირუსის გავრცელების შემდეგ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოწყობა დაიწყო. ამ მიზნით, ტურიზმის ადმინისტრაციამ ათობით სასტუმროსთან, გამარტივებული შესყიდვების გზით, კონტრაქტები გააფორმა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს აკვირდება, მათ შორის, სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების გარემოებებს სწავლობს.

მომატებული კორუფციული რისკებიდან გამომდინარე, ყურადღება მიიქცია შპს „ყვარლის ედემთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რომლის მიხედვითაც, სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ. ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმრომ, 2 თვის ვადით, 45 ნომერი უნდა გამოყოს.

შპს „ყვარლის ედემის“ დირექტორმა, ალექსანდრე მაღრაძემ 2020 წლის 20 მარტს ქართულ ოცნებას 5 000 ლარი შეწირა. „ქართული ოცნების” შემომწირველია შპს „ყვარლის ედემის“ 50%-იანი წილის მფლობელი შპს „ზიმოც“. კომპანიის სახელით, 2019 წლის სექტემბერში “ქართულ ოცნებას” 100 000 ლარი შესწირეს. “ქართული ოცნებისთვის” ცალ-ცალკე აქვთ შეწირული თანხა „ზიმოს“ წილის მფლობელებსაც:

მიმდინარე წლის 20 მარტს შპს „ზიმოს“ დირექტორმა და წილის მფლობელმა ზურაბ კიკნაძემ 25 000 ლარი შესწირა. 2019 წლის მაისში კი, – 60 000 ლარი.
კომპანიის წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ილია ქავთარაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში, 13 000 ლარი შესწირა.
წილის კიდევ ერთმა მფლობელმა, ლევან მარშანიამ 2020 წლის 23 მარტს „ქართულ ოცნებას” 5 000 ლარი შესწირა.
წილის კიდევ ერთმა მფლობელმა გია უროტაძემ 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” 17 000 ლარი შესწირა. 2019 წლის მარტში კი, 10 000 ლარი აქვს შეწირული.

შპს „ყვარლის ედემთან“ დაკავშირებულ პირებს 2019-2020 წლებში “ქართული ოცნებისთვის” სულ 235 000 ლარი აქვთ შეწირული. კომპანია „ზიმოს“ კი, 2012-2019 წლებში, პირდაპირი შესყიდვის გზით, 19 მლნ ლარის ღირებულების 49 კონტრაქტი აქვს სახელმწიფო უწყებებთან გაფორმებული.

შპს „ზიმო“ აქტიურად მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანაში, ხოლო სახელმწიფო შესყიდვებით აღებულ ვალდებულებებს დაგვიანებით ასრულებდა. 2013-2017 წლებში საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომპანია „ზიმოს“ შორის გაფორმებულ 16 ხელშეკრულებაში ცვლილება 65-ჯერ შევიდა.

მმართველი პოლიტიკური პარტიის მსხვილი შემომწირველების მიერ გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების მიღება, კორუფციის მხრივ, მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში. ასეთ შემთხვევებში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინონ და ცხადად გაწერონ ობიექტური კრიტერიუმები, თუ როგორ არჩევენ პოტენციურ მიმწოდებლებს. სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე კი, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა სათანადო ზომები უნდა მიიღონ”. – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი