fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“ივანიშვილის გამო, სამინისტრომ კანონი დაარღვია”

62

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის. გარემოსდამცველები უწყების მიერ გაცემული იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, აბასთუმნის შემოსავლელი გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სამინისტრომ დადებითი პასუხი გასცა.

„მწვანე ალტერნატივამ“ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი გარემოს დაცვის მინისტრის მიერ მიღებული ბრძანება „ადიგენის მუნიციპალიტეტში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“.

ბრძანება N2-208 6 მარტს გაიცა.

„ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრის დაუყოვნებლივ განხორციელებისათვის, სხვადასხვა დონის საჯარო უწყებებმა ჩაიდინეს უამრავი კანონდარღვევა, რაც საფუძველს იძლევა, რომ უკვე ამ ეტაპზე, სასამართლოებში გასაჩივრდეს მინისტრის მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა, ადიგენის საკრებულოს მიერ მიღებული აბასთუმნის გენგეგმა და ასევე საჩივარი იქნას შეტანილი ბერნის კონვენციაში.” – აცხადებენ „მწვანე ალტერნატივაში“.

რა საფრთხეს უქმნის ბუნებას აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ამის შესახებ ორგანიზაციამ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

მისი ინფორმაციით, სამინისტრო ვალდებული იყო, სკოპინგის ეტაპზევე მიეღო გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. მიუხადავად ამისა, მან თანხმობა გასცა და რამდენიმე უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. ესენია:

– აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზა (ყველა ალტერნატივა) გადის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში. ეს ტერიტორია განკუთვნილია ბუნების დაცვისათვის და დაშვებულია მხოლოდ […]- თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება… ხვნა-თესვა და მუდმივი სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსებაც კი დაუშვებელია. საავტომობილო გზის მშენებლობა ვერანაირი კრიტერიუმით ვერ განიხილება ბუნებრივი რესურსების ტრადიციულ გამოყენებად, ეს კანონმდებლობის დარღვევაა.

– კანონმდებლობა კრძალავს დაცული ტერიტორიის შიგნით ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევას და სახის შეცვლას; ასევე, რაიმე მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურებას, რღვევას, დაზიანებას, შეშფოთებას. ნათელია, რომ დაგეგმილი საქმიანობა – აფეთქებების გამოყენებით მთისა და ტყის ეკოსისტემებში საავტომობილო გზის გაყვანა არის უკანონო.

– დაცული ტერიტორიის ფარგლებში იკრძალება ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებების შეტანა. პროექტის მიხედვით, აფეთქებები იწარმოებს მთელი იმ მონაკვეთის სიგრძეზე, რომელიც გადის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. მხოლოდ ეს კრიტიკული შეუსაბამობაც კი საკმარისი იყო, რომ სამინისტროს პროექტი შეეჩერებინა. თუმცა ნაცვლად ამისა, მან პროექტის განმახორციელებელს ასაფეთქებელი ნივთიერების მახასიათებლების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა დაავალა.

– კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების დაღუპვა, რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი ადგილების დარღვევა. ხელუხლებელ ეკოსისტემებში აფეთქებების მეშვეობით გზის გაყვანა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია შეიწირავს არაერთი იშვიათი სახეობის წარმომადგენელს და გააუარესებს მათ საბინადრო გარემოს.

– პროექტი საქართველოს კონსტიტუციასაც არღვევს, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უგულებელყო გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობაზე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე კონსტიტუციით დადგენილი ვალდებულება.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ მთავრობამ ისარგებლა კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით, გამოსცა დადგენილება, რომელის მიხედვითაც დაუშვა, რომ პროექტებზე სკოპინგის დასკვნები და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები საჯარო განხილვის გარეშე მიიღონ: „იმის ნაცვლად, რომ პროექტებზე გადაწყვეტილებების მიღება საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მთავრობამ საზოგადოების მონაწილეობა შეზღუდა. ამით დაირღვა კონსტიტუციის 29-ე მუხლით აღიარებული გარემოს დაცვისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებები, რომელთა შეზღუდვა, საგანგებო მდგომარეობის დროს, აკრძალულია კონსტიტუციის 71-ე მუხლით“.

„მწვანე ალტერნატივაში“ მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის „ექსპერიმენტული“ პროექტისთვის, მთავრობა გადაწყვეტილებებს უკანონოდ ერთიმეორეზე მიყოლებით იღებს, თუმცა ერთი, რაც მათ ხელს უშლის, საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაა, რადგანაც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაწილი, სადაც შემოვლითი გზა უნდა გავიდეს, ბერნის კონვენციის ეგიდით შექმნილ „ზურმუხტის ქსელის” უბანთან ძალიან ახლოს არის. ამ ტერიტორიის დაცვა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა, რომელიც მას ნაკისრი აქვს როგორც ბერნის კონვენციით, ისე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით.

გარემოსდაცვით ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს, როგორც ბერნის კონვენციის მონაწილე ქვეყანასა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატს, შესაძლოა, პოლიტიკურ ფასად დაუჯდეს პროექტის განხორციელება.

„აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზა იქნება დაახლოებით 9 მეტრი სიგანის სიგრძივი ინფრასტრუქტურა და მოითხოვს მის მთელს სიგრძეზე (10-15 კმ) ტყისა და მცენარეული საფარის განადგურებას – გაკაფვის, აფეთქებებისა და საექსკავაციო სამუშაოების გამოყენებით, რაც გამოიწვევს სხვადასხვა სახეობების, მათ შორის, „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული სახეობების საბინადრო გარემოს განადგურებას, დეგრადაციას და ფრაგმენტაციას.” – აცხადებენ ორგანზიაციაში.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი