მნიშვნელოვანიმსოფლიო

ფლოიდის სიკვდილის მიზეზები და მკვლელობაში ბრალდებულები

მკვლელობაში ბრალდებულები

 

მინესოტას შტატის პროკურატურამ ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, დერეკ შოვინს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის წაუყენეს, ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა. ინციდენტში მონაწილე კიდევ სამი პოლიციელი კი, დააკავეს და ბრალი მეორე ხარისხის მკვლელობაში თანამონაწილეობისა და ხელშეწყობისთვის წაუყენეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხივე პოლიციელს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობისათვის, 25 მაისს, 48 წლის აფროამერიკელმა მამაკაცმა ჯორჯ ფლოიდმა გონება დაკავების დროს დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სოციალურ ქსელში ფლოიდის დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელა, სადაც ჩანს, რომ პოლიციელს ფლოიდის კისერზე მუხლი დაახლოებით 9 წუთის განმავლობაში აქვს დაჭერილი. ისმის დაკავებულის ხმა, რომ სუნთქვა უჭირს.

პოლიციელი დერეკ შოვინი, რომელიც ფლოიდზე ძალადობას ახორციელებდა, 26 მაისს დააკავეს და ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

ინტერნეტში ფლოიდის სიცოცხლის ბოლო წუთებში გადაღებული ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, შეერთებული შტატების ათობით ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

https://www.youtube.com/watch?v=ImOAvp13Jcw

ორი სამედიცინო ექსპერტიზა

 

ჯორჯ ფლოიდის აუტოფსიის საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ ის გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. – ამის შესახებ სასამართლო/სამედიცინო ექსპერტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

ენრდიუ ბეიქერის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფლოიდს ჰქონდა მრავალი სისხლჩაქცევა და ჭრილობა თავის არეში, სახეზე, პირზე, მხრებზე, მკლავებსა და ფეხებზე, მაგრამ ექსპერტიზამ ვერ აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უშუალოდ რომელიმე ეს დაზიანება იყო.

ანგარიშის თანახმად, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების პირდაპირი მიზეზი არც პოლიციელის მიერ მის კისერზე ფეხის დაჭერა იყო.

გვამის გაკვეთამ ასევე აჩვენა, რომ ფლოიდს ჰქონდა გულის დაავადება და მაღალი წნევის ისტორია. ტოქსიკოლოგიის წინასწარი დასკვნის თანახმად კი, ორგანიზმში ფენტანილისა და მეტამფეტამინის ზომიერი დონე აღმოჩნდა. გარდა ამისა, აუტოფსიით დადგინდა, რომ ჯორჯ ფლოიდი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, თუმცა, არ არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი იყო.

აუტოფსიის ოფიციალურ შედეგებს ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტები არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ ჯორჯ ფლოიდი ასფიქსიით გარდაიცვალა.

 

შეტაკებები ნიუ-იორკში

 

ნიუ-იორკში კი, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, ერთი პოლიციელი დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეები ბრუკლინის სასამართლო შენობისკენ მიემართებოდნენ. მათი ნაწილი პოლიციის მოთხოვნას, უკან დაეხიათ, არ დაემორჩილა და სამართალდამცავების მანქანა ალყაში მოაქცია.

პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

მსგავსი პოსტები

Back to top button