მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

ინდოეთში მთელი რიგი ობიექტების განახლებამდე ერთი დღით ადრე, კორონავირუსის ახალი, 9 971 შემთხვევა დაფიქსირდა.

ქვეყანა მოლების, სასტუმროებისა და რელიგიური შეკრებების ადგილების გახსნისთვის ემზადება. ინდოეთი 10 კვირაა, ლოქდაუნის რეჟიმით ცხოვრობს.

ქვეყანაში სულ 247 195 შემთხვევა გამოვლინდა. 6 950 გარდაიცვალა. ყველაზე მეტად დელი, აჰმადაბადი და მუმბაი დაზარალდა.

ინდოეთმა სარკინიგზო მიმოსვლა და შიდა ფრენები ნაწილობრივ უკვე აღადგინა, მაღაზიებსა და ქარხნებს კი, მუშაობის განახლების ნება დართო.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 984 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 134 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჯამში კორონავირუსით 467 673 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 226 731-ს უტოლდება.

სომხეთში ამჟამად, ჰოსპიტალიზაციის რიგში, კორონავირუსით ინფიცირებული 200-მდე პაციენტია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხური მედიის ცნობით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მას აქვს ვალდებულება, ილაპარაკოს სიმართლე, რამდენადაც სასტიკი არ უნდა იყოს ის.

„დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მუშაობს ისეთი დატვირთვით, რომ საავადმყოფოებში ვერ ხერხდება იმ პაციენტების მოთავსება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ.” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის ერთ-ერთი სოფელი კორონავირუსის გამო ჩაიკეტა. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 13 130 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 200 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 4 014.

სომხეთში კორონავირუსი მსჯავრდებულსაც დაუდასტურდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია სომხეთის იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსზე ლუსინე მარტიროსიანზე დაყრდნობით წერს.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. გატარდა პროფილაქტიკური ზომები. ჩატარდა ხელახალი ტესტირება და სხვა მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს კოვიდ-19 არ დაუდასტურდათ.” – აცხადებს მარტიროსიანი.

მისი თქმით, სომხეთის პენიტენციურ სისტემაში ეს კოვიდინფექციის პირველი შემთხვევაა.

ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7 მილიონს უახლოვდება. გარდაიცვალა 402 495 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 420 626 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button