კოვიდინფიცირებული მედიკოსები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 831 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 694, გარდაცვლილი, – 13 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში, – 3 213, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, — 303 და უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათი საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალიდან 3-ს დღეს კორონოვირუსი დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, იგივე სამედიცინო პერსონალიდან კიდევ 1-ს კოვიდინფექცია გუშინ დაუდასტურდა.
გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტია, მათგან 10-ს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია. მისივე ცნობით, აქედან 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
“წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ჩვენთვის ძალიან ძნელია. ამაზე NCDC მუშაობს, იკვლევს მათ კონტაქტებს და შემდგომში კონტაქტების შემოწმების შემდგომ ვნახავთ, საიდან მოხდა დაინფიცირება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები სიმპტომები აქვთ. ერთადერთი, პირველად ვისაც დაუდასტურდა, მას ჰქონდა ცხელება 37,2, დანარჩენებს ცხელებაც არ უფიქსირდებათ. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ისინი ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იქნებიან.” — განუცხადა ჟურნალისტებს გოფოძემ.