მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

2000-ლარიანი ჯარიმა თითოეულ მექორწილეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას ქორწილის, ქელეხის, იუბილისა და ნათლობის გადახდისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

როგორც ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დაჯარიმდება და 2000-ლარიანი ჯარიმა გამოყენებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ, ასევე, 10 000-ლარიანი ჯარიმა, – იურიდიული პირის მიმართ.

„რამდენიმე ჩემმა კოლეგამაც მკითხა, როდემდე არის შეზღუდვები ქორწილების გადახდასთან დაკავშირებით. სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, მოგეხსენებათ, რომ ეს უფლებები შეზღუდულია 15 ივლისამდე. შესაბამისად, ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყენებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ამიტომ დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ. რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, რა რეგულაციები იქნება 15 ივლისის შემდგომ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე. პირბადის ტარება კი მოგვიწევს პანდემიის და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა, თუ ეს სიტუაცია იმდენად კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოში, შესაძლებელია, პანდემია იყოს, მაგრამ წესი არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც პირობითად, სექტემბერში. ეს არის ყოველდღიური განხილვის საკითხი ეპიდემიოლოგების, საერთაშორისო ექსპერტების და საკოორდინაციო საბჭოსი.” – განაცხადა ოხანაშვილმა.

დღესვე პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 76 ხმით დაამტკიცა.

ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტითა და ტაქსით მგზავრობის დროსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წესის დამრღვევი პირი, იქნება ეს მგზავრი თუ მძღოლი, დაჯარიმდება 20 ლარით.

უფრო კონკრეტულად, როგორი პირბადის ტარება იქნება სავალდებულო, ამ წესს საქართველოს მთავრობა ან შესაბამისი სამინისტრო დაადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button