Hereti FM

,,არ გაინძრე” – ლია კამლაძის ბლოგი

111
Share Button

ჩემს კორპუსში მცხოვრები ყველა ბიჭი ერთ ღამეში დააკავეს….

ე.წ. ,,კულინარიელთა საძმოს” წევრობაში ეჭვმიტანილი ჩემი კარის მეზობელიც აღმოჩნდა, რომელიც ჩემს თვალწინ გაიზარდა და ძალიან მიყვარს.

მოკლედ, ,,ბართლომეს ღამეა” (ჯერ არ ვიცი), დასაძინებლად ვემზადები, საკმაოდ გვიანია, ლოცვას ვკითხულობ…

დერეფანში ხმაური და მამაკაცების ხმა მესმის (ჩემი მეზობელი ადვოკატია და ღამით ხშირად აკითხავდნენ ,,კლიენტები”, ამიტომ დიდად არ შევშფოთებულვარ)…

კედლები ხმას ადვილად ატარებენ, ის იყო თვალები დავხუჭე, რომ მესმის კაცის ყვირილი ,,კედელთან, ხელები კედელზე, შარვალი მიეცით”…

თვალები მექანიკურად ვჭყიტე, გონება დავძაბე, მაგრამ ვერაფერს ვხვდები…ბევრი ადამიანის გადაადგილების, ფეხების ბრაგუნის ხმაა…

საწოლიდან წამოვხტი, ხალათი მოვიცვი და აივანზე გავფრიალდი…ჩვენი და მეზობლის აივნები ცემენტის ბოძით იყო გაყოფილი, ჩვენ ზედა ნაწილი დავტოვეთ, ქვედა გამოვანგრიეთ და ერთმანეთთან პირდაპირ აივნიდან შევდიოდით (ოდნავ მოხრა და გაძრომა ძნელი არ იყო)…

მოკლედ, გავძვერი, კარები შევაღე და ,,არ გაინძრე” – დამიყვირა ვიღაცამ. სანამ თვალები კარგად დავაფახურე, დავინახე ჩემსკენ მოშვერილი ავტომატის ლულები…

რატომ არ შემეშინდა, არ ვიცი…ჩემი მეზობლები ზურგით კედელთან მიყენებულები…

,,რა ხდება”? ვეკითხები ერთ კაცს, რომელიც უფროსს ჰგავს…,,თქვენ ვინ ხართ”-დამიბრუნა კითხვა, ,,აქ როგორ გაჩნდით, ბიჭებმა ყველაფერი შეამოწმეს, თქვენ სად იყავით?”…,,მე მეზობელი ვარ და ხმაურზე აივნიდან გადმოვძვერი”-მეთქი-ავუხსენი…

,,უფროსი” დამშვიდდა, მერე ერთ-ერთ ნიღბიანს (ყველას ნიღაბი ეკეთა) უთხრა, გაყევი და შეამოწმეო. გამომყვა უზარმაზარი ბიჭი (ძლივს გამოეტია ჩვენს ,,ღობეში”)…დაიარა ოთახები…მე უკან დავსდევ და ვებოდიშები ,,სახლი დაულაგებელია, უი, საწოლი…დაბრძანდით”- ვეპატიჟები…

თურმე არც დაჯდომა შეიძლება, არც ნიღბის მოხსნა (არადა, ისეთი ლამაზი თვალები აქვს, მაინტერესებს როგორია)..,,სულ ერთი წუთით მოიხსენით, რა?”…გაიცინა ,,მეორედ ასეთი რამ არ გააკეთოთ.

შეიძლება თქვენთვის გვესროლა, მთელი სახლი დათვალიერებული გვქონდა უცებ შემოდიხართ…და, საერთოდ, სხვის საქმეში ეცადეთ არ ჩაერიოთ” …

კარადას მოავლო თვალი და ზედ ლამაზად დაწყობილი ტყვიის მასრები შენიშნა (უცებ მოუსვა ხელი და მუჭში დაიკავა) ,,ეს რა არის”?-მეკითხება…

,,ტყვიებია, ლაგოდეხში ჯარისკაცმა მაჩუქა, რომელიც შემდეგ ომში დაიღუპა”…(ცრემლები მომადგა)…

,,ამ ტყვიებზე ციხეა. მოკლედ, ამათ მე გადავყრი და მეორედ ასეთი საგნები აღარ შეინახო” (ბიჭი მიხვდა, ძაან შტერთან რომ ჰქონდა საქმე)…თავზე გადამისვა ხელი (რაღაც ტყავის ხელთათმანები ეცვა და უზარმაზარი ტორები ჰქონდა)…

,,მადლობა”-,,ჩესტი” ავუღე…ხო ასეთი საშიში იყო, მაგრამ სითბომ მისი გულიდან მაინც გამოაღწია.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი