მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“ქვეყნის სახელით, ბოდიშს ვუხდით გერმანიის ელჩს”

„ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო.” – ნათქვამია პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” განცხადებაში. პარტია მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერების თავდასხმა დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და მათი ანტიდასავლური კამპანია სულ უფრო შემაშფოთებელ ფორმასა და მასშტაბებს იძენს.

პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„უკანასკნელ პერიოდში, რადიკალური ოპოზიციის ლიდერების თავდასხმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და მათი ანტიდასავლური კამპანია სულ უფრო შემაშფოთებელ ფორმასა და მასშტაბებს იძენს. ვფიქრობთ, რაც უფრო ღრმად შევა რადიკალური ოპოზიცია მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, მისი უპასუხისმგებლობა კიდევ უფრო გამძაფრდება, რაც, მასთან ერთად, გარკვეულ ზიანს ჩვენს ქვეყანასაც მიაყენებს. ამდენად, ამგვარ უპასუხისმგებლობაზე მყისიერი რეაგირება აუცილებლად მიგვაჩნია.

“შეგახსენებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ღიად და თავხედურად აცხადებენ უარს იმ შეთანხმების შესრულებაზე, რომელსაც პოლიტიკურმა პარტიებმა ელჩების მხარდაჭერითა და ფასილიტაციით მოვაწერეთ ხელი. მეტიც, რადიკალური ოპოზიციის უკვე არაერთმა წარმომადგენელმა ღიად განაცხადა იმის თაობაზე, რომ მათ 8 მარტს შეთანხმებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა სურთ.

“რადიკალური ოპოზიციის ანტიდასავლური კამპანიის ერთგვარი კულმინაცია იყო მათი ლიდერების, შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას მიერ გერმანიის ელჩის კომენტარის პასუხად გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომლებიც უხეშად არღვევდა ზრდილობისა და ეთიკის ელემენტარულ ნორმებს. ბოკერიას და მისი მეუღლის შეურაცხმყოფელი განცხადებები მოგვიანებით კიდევ უფრო გაამძაფრა ნათელაშვილმა, რომელმაც უხეში შეურაცხყოფა არა მხოლოდ გერმანიის ელჩს, არამედ გერმანელ ხალხსა და გერმანულ სახელმწიფოსაც მიაყენა, სახელმწიფოს, რომელიც 90-იანი წლებიდან დგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე და რომელსაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში.

“აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნათელაშვილის განცხადება არის არა მხოლოდ გერმანელი ხალხისა და გერმანული სახელმწიფოს, არამედ, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო. აღსანიშნავია, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები იყო პასუხი ჩვენი მეგობარი ელჩების მიერ თანმიმდევრულად გაცხადებულ სიმართლეზე, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას უკავშირდება. ეს სიმართლე თავდაპირველად, 23 ივნისს, მაქსიმალურად დიპლომატიურად წარმოთქვა ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, მოგვიანებით, 25 ივნისს, უფრო მკაფიოდ განმარტა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, ხოლო როდესაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერც ამჯერად შეისმინა დიპლომატების განცხადება, 26 ივნისს იგი კიდევ უფრო მკაფიოდ განმარტა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას სწორად გაეაზრებინა ელჩების განცხადებების შინაარსი და მათი მოწოდება, მისმა ლიდერებმა ამ განცხადებებს შეურაცხყოფითა და უკიდურესად არაეთიკური ქცევით უპასუხეს. რადიკალური ოპოზიიციის ლიდერების ამგვარი რეაქციის მიზეზი სრულიად ნათელია – მათ არ სურთ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერა და მისი ჩავარდნის იმედს იტოვებენ, ელჩების განცხადებები კი, მათ მანევრირებისთვის არავითარ სივრცეს არ უტოვებს.

“ანტიდასავლური განცხადებები და კამპანია რადიკალური ოპოზიციის არჩევანია. ქართველი ხალხის არჩევანია ქართული დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცება და საქართველოს დასავლური მისწრაფებების სრულფასოვანი რეალიზება, რაც 31 ოქტომბრის არჩევნებში კიდევ ერთხელ მყარად დადასტურდება. ეს არჩევანი პოლიტიკაში თავის ადგილს მიუჩენს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც დასავლურ ღირებულებებს უპირისპირდება და კიდევ ერთხელ განამტკიცებს ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური ღირებულებებისკენ, რომელსაც ესოდენ მყარი ისტორიული საფუძველი აქვს.” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბრიფინგზე საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, „გიორგი რურუა არ არის ნახსენები 8 მარტის შეთანხმებაში, ეს არის მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა“. ნათელაშვილმა გერმანიის მთავრობას ელჩის საქართველოდან გაწვევისკენ მოუწოდა. მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპა და აშშ ქართველი ხალხის მხარეზეა რუს ოლიგარქთან წინააღმდეგ ბრძოლაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი რჩება მის ლობისტად და კორუმპირებული რეჟიმის ერთადერთ დამცველად. ეს გახლავთ ელჩი, რომელიც ფანჯრიდან უყურებდა ერთი წლის წინ ქართველი ახალგაზრდების დარბევასა და თვალების დათხრას. ხოლო შემდეგ ამართლებდა თვალთხარია გახარიების დანაშაულებრივ მოქმედებას. ეს არის ელჩი, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისაგან, ისევე, როგორც ადრინდელი საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, რომელიც გახდა ოფიციალური მილიონერი.

“თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ გერმანიას აკისრია უდიდესი ვალდებულება, რომ ჩვენ დღემდე არ გვიღებენ ნატო-ში, რის გამოც რუსეთმა გაბედა ომი და ტერიტორიების წართმევა. ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ დღემდე სათანადო შეფასება არ არის მიცემული ევროპაში საქართველოს 20 პროცენტის ოკუპაციისთვის და კვლავ აგრძელებს ბერლინი რუსეთთან ჩახუტებას. თუ ასე უყვარდა რუსეთი ბერლინს, რაღას ატეხეთ მეორე მსოფლიო ომი და რაღაზე გაგვიწყვიტეთ 400 ათასი საჯიშე ქართველი.” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

ჰუბერტ ქნირშის განცხადებას “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერიაც გამოეხმაურა და საქართველოში გერმანიის ელჩი ირონიულად დაახასიათა.

“თანავუგრძნობ მას, არ ვიცი მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს.” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button