fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ფავორიტი კომპანიისგან მილიონებად შეძენილი თაიგულები

77
Share Button

ქუთაისის ცენტრალური ტერიტორიის ყვავილებით გალამაზებასა და შადრევნების მოვლა–პატრონობაში, ქალაქის მერია მილიონობით ლარს ხარჯავს.

ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.

ეს თანხა, უკვე ცხრა წელია, ერთ კომპანიას ერიცხება, რომელსაც ნერგები თურქეთიდან შემოაქვს.

ბიუჯეტის ფული საზღვარგარეთ მიედინება მაშინ, როცა არაერთ ადგილობრივ მეწარმეს ჩითილები გაცილებით იაფად გამოჰყავს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ყვავილების ნაწილი სათბურებში დარჩა, მერიამ კი, ასეთივე ნერგებში თითქმის, სამჯერ მეტი გადაიხადა.

წელს ქუთაისის მერიამ ქალაქის ცენტრში 120 000 ძირი ყვავილი დარგო. პეტუნია, ბეგონია, ტაგეტესი, გერანი, სალვია, – სეზონური (ერთწლიანი) მცენარეებია, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტს 84 000 ლარი დაუჯდა.

მებაღჩეობასთან დაკავშირებულ ძვირადღირებულ საქმეს, მერია ექსკლუზიურად, შპს ,,ქალაქსერვისს“ ანდობს. 9 წლის განმავლობაში, კომპანია ზედიზედ, თითქმის უკონკურენტოდ იგებს ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს.

,,ექსკლუზიური” ხელშეკრულებები

 

“ქუთაისიპოსტმა” “ქალაქსერვისის” სატენდერო ისტორია დეტალურად შეისწავლა.

ირკვევა, რომ კომპანია, რომელსაც სხვადასხვა წელს რამდენიმე პირი ხელმძღვანელობდა, მხოლოდ ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს. უმრავლეს შემთხვევაში კი, მებაღჩეობითა და შადრევნების მოვლითაა დაკავებული. 2020 წლიდან, შპს-ს დირექტორიც და 100%-იანი წილის მფლობელიც დავით ბეშკენაძე გახდა. მანამდე, ოფიციალურ დოკუმენტებში ის უბრალოდ, მინდობილი პირი გახლდათ.

ბეშკენაძის კომპანია, ქალაქის ხელისუფლების აქტიურ პარტნიორად, 2011 წლიდან ჩამოყალიბდა. ამ დროიდან მოყოლებული, ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული 28 ტენდერიდან, რომელშიც შპს “ქალაქსერვისი” მონაწილეობდა, 22 მისი გამარჯვებით დასრულდა. მხოლოდ ბოლო სამ წელიწადში, ხუთი სახეობის 490 000 ძირი ყვავილის შესაძენად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომპანიას 269 000 ლარი გადაურიცხა.

ბოლო ორი ტენდერიც (NAT190023220), (NAT190023210), რომელიც მერიამ 2019 წელს, ერთ დღეს – 3 დეკემბერს გამოაცხადა, ბეშკენაძის კომპანიამ მოიგო და ბიუჯეტიდან ჯამში, 970 410 ლარი მიიღო.

სულ, 2011 წლიდან ამ დრომდე, “ქალაქსერვისისთვის” მერიას 5 მილიონ 134 944 ლარი აქვს გადარიცხული.

გარდა ყვავილების შეძენა-დარგვაში თანამშრომლობისა, “ქალაქსერვისი” მერიის უცვლელი პარტნიორია შადრევნების მოვლა-პატრონობის საქმეშიც. ბოლოს კომპანიამ სწორედ ამ მიზნით გამოცხადებული ტენდერი მოიგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 168 185 ლარი მიიღო.

სტაბილური ურთიერთობის ფონზე, სატენდერო ღირებულებასა და შეთავაზების ფასს, წლიდან წლამდე არც მერია ცვლის და არც შემსრულებელი კომპანია. მაგალითად, ერთი და იგივე ტენდერი უცვლელი ფასით, ,,ქალაქსერვისმა” 2018 და 2019 წელს მოიგო. ზუსტად ასე მოხდა 2017 წელსაც.

იმის გამო, რომ ფაქტობრივად, კომპანიას არ ჰყავს ისეთი კონკურენტი, რომელიც მერიას დაბალ ფასს შესთავაზებს, “ქალაქსერვისი” სამუშაოების შესასრულებლად ზუსტად იმდენს ითხოვს, რა თანხაზეც მერია აცხადებს ტენდერს. შესაბამისად, არც ფასთა კლება ხდება და არც ბიუჯეტის სახსრების დაზოგვა, რაც ელექტრონული შესყიდვების მთავარი პრინციპია.

კონკურენციისა და ფასთა კლების გარეშე ერთი პირის მიერ მოგებული ტენდერები ეჭვის საფუძველია არასამთავრობო ორგანიზაცია “შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის” წარმომადგენლის, გიორგი ბაჯელიძისთვის. შესყიდვების ექსპერტი ამ ვითარებას ქუთაისის მერიის პასიურობად, სისულელედ და არაპროფესიონალიზმად აფასებს.

„ერთი და იგივე კომპანია შედის ტენდერებში, თან მაღალი ფასით და ცდილობს მაქსიმალური თანხა წამოიღოს ბიუჯეტიდან. ქუთაისის მერია კი, ამას უყურებს ბრიყვულად, არაპროფესიონალურად. იმის ნაცვლად, რომ მოიწვიოს სხვა კომპანიები, ჰკითხოს მათ, რატომ არ შედიან ამ კონკრეტულ ტენდერში და გაზარდოს კონკურენცია, არც ინტერესდება, რატომ ხდება ასე. მსოფლიო პრაქტიკაა ასეთი, რომ მსგავს ტენდერებს ყურადღების გარეშე არავინ ტოვებს. იკვლევენ, რატომ ხდება, რომ კონკურენტი არ ჰყავს კომპანიას. ყოველ წელს, ერთ კომპანიას ასეთი დიდი ტენდერები მოაგებინო, ეს არის ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა და ძალიან მსუბუქად რომ ვთქვათ, სისულელე.” – ამბობს გიორგი ბაჯელიძე.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერია მომსახურებაზე ტენდერს აცხადებს და არ იცის, საიდან შემოაქვს კომპანიას ყვავილები.

,,ყვავილები შეიძინა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ სად შეიძინა აღნიშნული ყვავილილები.” – ნათქვამია ქუთაისის მერიის წერილობით პასუხში.

ადგილობრივ თვითმმართველობაში არც დამატებითი განმარტების გაკეთება და იმის ახსნა ისურვეს, თუ რატომ გაედინება ასი ათასობით ლარი ქვეყნის გარეთ, მაშინ, როცა ანალოგიური ყვავილების შეძენა საქართველოში, ადგილობრივ მეწარმეებთანაც არის შესაძლებელი.

ქუთაისის მერიასთან ცხრაწლიანი უწყვეტი პარტნიორობის ფონზე, შპს “ქალაქსერვისის” დირექტორი დავით ბეშკენაძე ამბობს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან არ მეგობრობს და ტენდერებში მხოლოდ იმიტომ იმარჯვებს, რომ სამუშაოები რთულად შესასრულებელია.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ტენდერებში, ბეშკენაძის კომპანია მართლაც ერთადერთი პრეტედენტია, თუმცა, ასე ბოლო წლებში, მას შემდეგ ხდება, რაც კომპანია მერიის სტაბილურ პარტნიორად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ყვავილების უცხოეთში შეძენას, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ადგილზე ეს საქმე უფრო ძვირი უჯდება და ამ მიზეზით ირჩევს თურქეთს.

მოისმინეთ დავით ბეშკენაძის ხმა.

 

 

ქვეყნის გარეთ გადინებული ფული

პეტუნია, ბეგონია, ტაგეტესი, გერანი და სალვია ქუთაისში, საკუთარ სათბურში მოჰყავს მერაბ ფუტკარაძეს. მეწარმე, რომელმაც ყვავილების ჩითილების გამოყვანის გამოცდილება ჰოლანდიაში შეიძინა, ამბობს, რომ საქართველოში საქმეს მეგობრობა და პირადი ნაცნობობა წყვეტს. იმის მიუხედავად, რომ რიგით მესამე სათბური გახსნა, ადგილობრივი ხელისუფლება მისით ჯერ არ დაინტერესებულა. ამავე მიზეზით, ის მერიასთან თანამშრომლობის ინიცატივისა და ტენდერებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

მერაბ ფუტკარაძე გვიხსნის, რომ ყვავილის ფასი მისი მოცულობის მიხედვით განისაზღვრება. შესაბამისად, ბევრად იაფია მისი ნერგი, ვიდრე უკვე გაზრდილი ყვავილი. ამიტომ, თუ მერია ყვავილებს ადრეულ ეტაპზე შეუკვეთავს, უფრო იაფის გადახდაც მოუწევს.

რამდენი ლარის დაზოგვას შეძლებდა ქუთაისის მერია, თუ ყვავილებს ადგილობრივი სათბურიდან იყიდდა, ,,ქუთაისიპოსტმა“ მეწარმეებთან ერთად დათვალა.

წელს მერიამ ქალაქის ცენტრში 120 000 ყვავილი დარგო, რაშიც 84 000 ლარი გადაიხადა. მარტივი დაანგარიშებით გამოდის, რომ ერთი ყვავილი ბიუჯეტს 70 თეთრი დაუჯდა. მერაბ ფუტკარაძე კი ამბობს, რომ თუ მერია ყვავილებს მას შეუკვეთავდა, ერთ ნერგს 20 თეთრადაც გაყიდდა, რაც 120 000 ძირის შემთხვევაში, 24 000 ლარი იქნებოდა. გამოდის, რომ მხოლოდ წელს, მერიამ 60 000 ლარი ,,წყალში გადაყარა“.

გარდა იმისა, რომ მერია ადგილობრივ ბიზნესს არ სწყალობს, არც ქალაქის რესურსს იყენებს, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ქუთაისის ბოტანიკური ბაღის სახით არსებობს. მერიას არ სჭირდება, მაგრამ ბაღში სათბურიც მოაწყვეს და ჩითილებიც გამოჰყავთ, თუმცა, შეზღუდული რაოდენობით. ეს იმიტომ, რომ არც მოთხოვნა არსებობს და არც საჭირო ტექნოლოგია აქვთ. ბაღის დირექტორის მოადგილე ბადრი თვალოძე ამბობს, რომ ადამიანური რესურსისა და მატერიალ-ტექნიკური ბაზის მომზადების შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია, ქალაქის ბულვარში არა თურქეთიდან შემოტანილი, არამედ ბოტანიკურ ბაღში გამოყვანილი ყვავილები დაირგოს.

ყვავილების ქვეყნის გარეთ შესყიდვას ყოველწლიურად აპროტესტებს ოპოზიცია, თუმცა წელს, პანდემიის გამო, ადგილობრივ მეწარმეებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა და უცხოეთიდან ნერგების შემოტანა განსაკუთრებით მწვავედ შეაფასეს.

კითხვები, ტენდერებში “ქალაქსერვისის“ უალტერნატივო გამარჯვებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაშიც არსებობს. ყურადღებას ითხოვენ მეწარმეებიც, რომლებსაც პანდემიის გამო, სანერგე მეურნეობებში, უკეთეს შემთხვევაში, შემოსავალი გაუნახევრდათ. თუმცა, ქუთაისის მერიისთვის ადგილობრივი ბიზნესის განვითარება კვლავაც არაპრიორიტეტულია, ფავორიტიზმი კი, – მისაღები.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი