მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 47 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კოვიდ 19-ს აშშ-ში კიდევ 1 199 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 14 შტატში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ივნისის თვეში გაორმაგდა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, ქვეყანაში დაინფიცრების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 100 000-ს გადააჭარბოს. მისი თქმით, ამერიკელების დიდი ნაწილი სოციალურ დისტანციას არ იცავს და ნიღბებს არ ატარებს, რის გამოც, სიტუაცია შეიძლება, უკონტროლო გახდეს.

შეგახსენებთ, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბრაზილიაში კორონავირუსით კიდევ 1 280 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 59 594-მდე გაიზარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ფატალური შემთხვევების ეს მაჩვენებელი, წინა დღის მონაცემებთან შედარებით, ორჯერ მეტია.

გარდა ამისა, ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 33 846 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 1 402 041-ს მიაღწია.

აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ბრაზილიის გარდა, კორონავირუსის შემთხვევები ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში – ჩილეში, პერუსა და მექსიკაშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 10 599 525 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 514 298 ინფიცირებული გარდაიცვალა, ხოლო 5 812 017 პირი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button