fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ფაქტობრივად, გაკოტრებულები ვართ”

204

“შესაძლოა, სამი მილიარდი დოლარი დაიკარგოს”

 

„ევროპული საქართველო“ მთავრობას კარგი ეპიდსიტუაციის ქვეყნებთან ფრენების დაუყოვნებლივ აღდგენისკენ მოუწოდებს.

პარტიის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მთავრობა ფრენების აღდგენას მომდევნო ორ თვეშიც არ გეგმავს, ამ შემთხვევაში კი, ეკონომიკა 3 მილიარდ დოლარს იზარალებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის დაპირების მიუხედავად, რეგულარული ფრენების პირველი ივლისიდან არგანახლების გამო, ჩვენი ქვეყნის ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესმა ავიაკომპანია „ვიზეარმა“ ქუთაისში საკუთარი ბაზა დახურა და ფრენები გაურკვეველი ვადით გააუქმა. დღეს „ვიზეარმა“ ახალი ბაზა გახსნა უკრაინის ქალაქ ლვოვში. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ რეგულარული ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთანაც კი, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, არ აღდგეს არც აგვისტოში და არც სექტემბერში.

“იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას და რეგულარული ფრენები არ აღდგება დაუყოვნებლივ, სრულიად შესაძლებელია, რომ სამი მილიარდი დოლარი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში ტურიზმიდან შემოდის და რომელზეც ათეულ ათასობით სამუშაო ადგილია, სრულიად დაიკარგოს.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მგზავრთა რაოდენობით, ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოში პირველ ადგილზეა. ქუთაისის აეროპორტმა კი, მიუხედავად იმისა, რომ გეგმური ორი მილიონი მგზავრიდან ჯერ კიდევ შორსაა, 800 ათასზე მეტი მგზავრი გაატარა.

“ამ ზიანის შესამცირებლად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ აღადგინოს რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან, სადაც ეპიდსიტუაცია შეფასებულია, როგორც კარგი. მაგალითად, – ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, დანიასთან და ა.შ.“ – აღნიშნავენ პარტიაში.

 

“[გიორგი გახარია], გაგვაგებინეთ, რა გინდათ?”

 

„ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, გაკოტრებულები ვართ. ერთადერთი იმედი, რაც ხალხს ჰქონდა, იყო 1-ელ ივლისს საზღვრების გახსნა და ტურისტების შემოსვლა და ეს იმედიც, გახარიამ და მთავრობამ მათ ბოლომდე გაუცრუა.” – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, საქართველოში უმძიმესი ვითარებაა და ხელისუფლების არასწორი ქმედებების გამო, მცირე და საშუალო ბიზნესი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

„მივმართავ გახარიას, მაისის დასაწყისში წარმოგიდგინეთ გეგმა, დეტალურად გაწერილი ალგორითმი ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაგეხსნათ საზღვარი, მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ მოგვატყუეთ. გაგვაგებინეთ, რა გინდათ? ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით, ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში? აღარაფერი არ მუშაობს, წარმოუდგენელი ვითარებაა. ერთი, რომ საზღვრები დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის და მეორე – ბანკები, რომლებიც ახრჩობენ ადამიანებს და გაზრდილ პროცენტებს სთავაზობენ გადავადების სანაცვლოდ. რისთვის გვჭრდება ხელისუფლება და მთავრობა? შენ, ფუქსავატო გახარია, რისთვის გვჭირდები, თუ ადამიანებს არ ეხმარები და არანაირ ნორმალურ გადაწყვეტილებას არ იღებ? ევროკავშირმა შეგვიყვანა „მწვანე ქვეყნების“ სიაში. დღეს ჩვენ შეგვეძლო, რომ მიგვეღო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურისტები ქვეყანაში და ევროპისთვის გაგვეხსნა საზღვრები, მაგრამ ამის სანაცვლოდ, ჩაგკვეტეთ და გინდათ, რომ პირდაპირ ამოგვახრჩოთ შიმშილში. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არ შეგრჩებათ! უკვე მინიმუმ, 2 მილიარდი ლარი დაგვიჯდა თქვენი არასწორი გადაწყვეტილებები. ფუქსავატო გახარია, გადადი საქმის კეთებაზე, დაანებე თავი ამ პრანჭვას ტელევიზიით და გაუგებარი, ერთი და იგივე სიტყვების რახარუხს!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

“ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა”

 

“როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისთვის, ორივე მიმართულებით, ჩემმა კოლეგამ და მე ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს.” – ამის შესახებ, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „ფეისბუქის“ პირდაპირი ეთერით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის და საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში 15-იდან ერთ-ერთ ქვეყანაა და ეს არის აღიარება იმ წარმატების, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.

„ახლა ეს ყველაფერი როგორ განხორციელდება და როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურებისთვის, ორივე მიმართულებით, ჩემმა კოლეგამ და მე ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ, თითქოს, ღილაკს დააწვები და ეს ყველაფერი შესრულდება. ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე ინდივიდუალურ წევრებთან, ევროკავშირის კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშეების, რომელთანაც საჭიროა მუშაობა, მაგრამ ამ უსაფრთხო სიაში დაწყების პუნქტი არის საუკეთესო დაწყების წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით ამ სიაში და ველით დაძაბულ მუშაობას კოლეგებთან და სხვებთან, რათა ჩვენ აქტიურად ვიაროთ წინ.” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი