fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კაცობა

151
Share Button

ძალიან კი გვიყვარს ერთმანეთის ქება და ვბრაზობთ, როცა თუნდაც თვალთმაქცურად არ გვეპირფერებიან – რა კარგები და სათუთები ვართ ეს ქართველები, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ აუხსნელად აგრესიული ხალხი გამოვდექით.

მჩაგვრელები და გამმეტებლები. განსაკუთრებით კი მათი, ვინც ჩვენზე უკეთესია და ჩვენგან განსხვავებით, სულაც არ არის აგრესიული.

შეხედეთ მოკლული ფეხბურთელის სახეს და დარწმუნდებით, კლასიკური “ქართული” ამბავია: დასასახიჩრებლად და მოსაკლავად გაიმეტეს სწორედ იმიტომ, რომ იყო კარგი და საუკეთესო.

და გაიმეტეს დაკომპლექსებულმა, შინაგანად არათავდაჯერებულმა, უმეო და ხროვაში ჩაკარგულმა უსახო და უსახელო, განადგურების და დესტრუქციის ინსტინქტებს აყოლილმა ორფეხა ცალტვინებმა, რომელთა კოლექტიური სახელიც “კაცობაა” – თავიანთი ქცევის და მენტალიტეტის გამო ამაზრზენ და დისკრედიტირებულ სიტყვათშეთანხმებად რომ აქციეს “ქართველი კაცის” ისედაც საკმაოდ ტოქსიკური ცნება…

აი, ეს მარაზმი, “ქართველი კაცის გაგებაა” საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ფსიქოკულტურული ტრაგედიის არსი, რაც ჩვენში არსებული მრავალი ძველი თუ ახალი სიმახინჯის მოდელად ქცეულა: 90-იანების ენით აღუწერელი სისასტიკე (15-16 წლის ასაკის მკვლელების და უასაკო მკვლელობების ეპოქა), ძველბიჭურ-რეპრესიული სადიზმი სახელმწიფო სტრუქტურებში (ჩვენი უწყვეტი “ტრადიცია”), მძინარე ცოლის მკვლელობა სწორედ ამ “კაცური გაგების” და სინამდვილეში კი ტოტალური უსუსურობის, არშემდგარობის და ბიოგრაფიული მარცხის გამო, “17 მაისის” სისხლმოწყურებულ-დაგეშილ-დამრბევთა რბოლა თბილისის ცენტრში – ვითომდა რაიმეს “დაცვის”, რეალურად კი მხოლოდ და მხოლოდ მხეცური ჟინის დაკმაყოფილებისთვის – დაეჩაგრათ და ჩაგვრით დაეკმაყოფილებინათ თავიანთი “ატავისტური” ლიბიდო… და გარჩევა რომ არ არის შემდეგ, ვინ მღვდელია და ვინ “მრევლი”, ამ პერვერსიულ “თრობაში” რომ არის ყველა…

ანკი ის ხალხი გაიხსენეთ, კომბლებით და ქამრებით რომ დადიოდნენ ქუჩა-ქუჩა გასულ წელს და კინოპრემიერის წინ ქვებს ესროდნენ ქალებს… ესენი ხომ არსად გამქრალან, ჩვენი სასიქადულო “ქართველი კაცები” (ოღონდ იმთავითვე ეგზოტიკურ კლოუნებად რომ იქცევიან იმათთან, ვის წინაშეც მართლა აკანკალებთ), განა ისევ ჩვენ შორის არ არიან და არავინ იცის, კიდევ რას მოიმოქმედებენ, რადგან გამამართლებელი, ხელის დამფარებელი და დამყვავებელ-ხელშემწყობი ყოველთვის გამოუჩნდებათ – სწორედ “მენტალური შეღავათების”, უფესვო, კულტურის მიღმიერი ღირებულებების, მანიპულატორ-დემაგოგების, უპრინციპო, ავანტიურისტი ხელისუფლების და თუნდაც საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტში ალაპარაკებული აფერისტი მეზობლის თუ ნათესავის სახით – ყველა მკვლელს, მანიაკს და უგულო ვიგინდარას რომ გამოუჩნდება ქომაგი: “ცოლი მოკლა” – “არა, რას ამბობთ, ისეთი კარგი ვაჟკაცი იყო, ისეთი თბილი სალამი იცოდა”; “თავი გაუტეხა და მკვდარი, ან ცოცხალ-მკვდარი ჩააგდო წყალში” – “როგორ გეკადრებათ, ხმამაღალი ნათქვამი არ გაგვიგია მისგან…”

მეგონა, 90-იანებსვე ჩაბარდა ის ველური “რიტუალი”, რომელიმე წვეულებას ან დაბადების დღეს კოშმარად რომ გამოეცხადებოდა ხოლმე ვინმე მორიგი “დაძაბული” (უფრო სწორად, წაძაბული, ამ ერთ წ-ს ხომ დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის) და დაკომპლექსებული მამრი, უმეტესად სადმე გათხრილი, ბიძის, მამის თუ მამის ბიძის ნაჩუქარ-ნაბოძები იარაღით, როგორც წესი, თავისნაირ უტყვ და უაზრობისგან თვალებამღვრეულ, არაფრის მაქნის არარაობებთან ერთად, რომელთაც მართლაც არაფერი გააჩნდათ “აგრესიული ისტერიკის” მოწყობის უნარის და ამ ჩამყაყებული “გაგების” გარდა, და რამდენი ტრაგედია, რამდენი უსამართლობა მოჰყოლია მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ვიღაცას უბრალოდ უნდოდა და მოსწონდა ყოფილიყო ბოროტი…

და აი, რამდენი რამ შეიცვალა, თუ ამ ქვეყანაში არა, ზოგადად ამქვეყნად მაინც, რამდენმა რამემ განიცადა მეტამორფოზა, მაგრამ “კაცების გაგებას” მაინც არაფერი ეშველა და ისევ იმ ქმედით და მარად განახლებად-გადამუშავებულ მენტალურ განავლად დარჩა, რაც, როგორც ჩანს, იქამდე ითუხთუხებს ჩვენს ძარღვებში სისხლის მაგიერ, ვიდრე გიორგი შაქარაშვილისნაირები არ იქნება უმრავლესობა…

მაგრამ დღეს კი ის არის ბანალურ ბოროტებასავით ცხადი სინამდვილე, რომ ჯერ ისევ გიორგისნაირებს სპობენ…

ლაშა ბუღაძე

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი