“იძულებულები ვართ, გავაუქმოთ თქვენი ფრენა”
დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანია Ryanair-მა საქართველოდან აგვისტოს ფრენის ბილეთები გააუქმა. შესაბამისი შეტყობინება მომხმარებლებს ავიაკომპანიამ უკვე გაუგზავნა.
“მთავრობის მიმდინარე შეზღუდვებმა გვაიძულა, თქვენი ფრენა გავაუქმოთ.” – ასეა წერილი დასათაურებული.
“სინანულით გატყობინებთ – გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობები განგრძობადად ცვლიან და იღებენ ახალ სამოგზაურო რეგულაციებს, ასე მცირე დროით ადრე გატყობინებთ, რომ არ გვაქვს ალტერნატივა და იძულებულები ვართ, გავაუქმოთ თქვენი ფრენა.” – წერია შეტყობინებაში.
Ryanair-ის რეისები გაუქმდა თბილისი-მილანის, თბილისი-კიოლნის, ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის მიმართულებებზე.
საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ სექტემბრამდე გაახანგრძლივა. საავიაციო სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა. საქართველოში მარტის შემდეგ ჩაკეტილი საერთაშორისო ტურიზმი 1 ივლისიდან უნდა გახსნილიყო, თუმცა, საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1 აგვისტომდე, ხოლო ახლა კიდევ ერთი თვით გადაავადა. მიზეზად, მმართველი გუნდი კორონავირუსის საფრთხეს და “მოქალაქეებზე ზრუნვას” ასახელებს.
შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ სამ მიმართულებაზე, რომელიც აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პარიზის შარლ დე გოლის, მიუნხენის და რიგის საერთაშორისო აეროპორტებში შესრულდება. თბილისიდან მიუნხენში ავიაკომპანია Lufthansa იფრენს კვირაში ორჯერ, პარიზში, – Air France, ასევე კვირაში ორჯერ. რაც შეეხება რიგას, მოლაპარაკებები ავიაკომპანია Air Baltic-თან მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობას სურს, კვირაში მხოლოდ ერთი ფრენა შესრულდეს, რაზეც Air Baltic-ს ჯერ თანხმობა არ უთქვამს.
დაბალბიუჯეტიან კომპანიებს – Wizzair-ს და Ryanair-ს ხელისუფლება ჯერჯერობით, ფრენის ნებართვას არ აძლევს, რადგან ეკონომიკის მინისტრის თქმით, “დაბალბიუჯეტიან კომპანიებს კვირაში ერთი და ორი ფრენა არ აწყობთ”.
ნათია თურნავა ამბობს, რომ Wizzair-ს და Ryanair-ს ათზე მეტ მიმართულებაზე სურთ ფრენა, რისთვისაც, მისი აზრით, საქართველო და მსოფლიო ახლა მზად არ არის და “როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიო და ის ქვეყნები როდესაც იქნებიან მზად, საიდანაც ისინი იფრენენ, დავუშვებთ ამ ფრენებს”.
საქართველო იმ ქვეყანათა სიაში შევიდა, რომლებსაც ევროკავშირმა საზღვრები პირველი ივლისიდან გაუხსნა, თუმცა, საქართველოს მთავრობა უპირობოდ, მხოლოდ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს შემოუშვებს. გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეუძლიათ, თუმცა, იმავე ქვეყნებიდან ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი უნდა გაიარონ.