მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

ხუთშაბათს, მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის შემთხვევების ახალი ჩანაწერი გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ერთ დღეში ინფიცირების რაოდენობის ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 718-ით გაიზარდა.

საბოლოო მონაცემებით, მექსიკაში კორონავირუსის 370 712 დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო გარდაცვლილია 41 908 ადამიანი.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, მექსიკა, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით, მეოთხე ადგილზეა და ამ მონაცემებით, ამერიკას, ბრაზილიას და გაერთიანებულ სამეფოს ჩამორჩება.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 49 311 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსის 1 287 945 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების საერთო რაოდენობის მაჩვენებლით, ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში 740 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 30 601-მდე გაზარდა.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში იაპონიაში კორონავირუსის 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ორი ადამიანი კი, გარდაიცვალა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, იაპონიაში კორონავირუსის 27 956 შემთხვევა გამოვლინდა, 20 651 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 988 ადამიანი გარდაიცვალა.

ფინეთი 27 ივლისიდან სამ ქვეყანასთან სასაზღვრო კონტროლს გაამკაცრებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Yle წერს.

გამოცემის ცნობით, სასაზღვრო კონტროლი მკაცრდება ავსტრიასთან, შვეიცარიასთან და სლოვენიასთან. ამ ქვეყნის მოქალაქეები მკაცრ სასაზღვრო კონტროლს გაივლიან და ფინეთში შესვლის შემთხვევაში, 14 დღე კარანტინში ყოფნა მოუწევთ.

ფინეთის გადაწყვეტილების მიზეზი ავსტრიაში, შვეიცარიასა და სლოვენიაში ეპიდსიტუაციის გაუარესება გახდა.

ამ ქვეყნების გარდა, სასაზღვრო კონტროლი შენარჩუნდება პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, ლუქსემბურგიდან, ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან და პორტუგალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის.

ამასთან, ფინეთმა სასაზღვრო კონტროლი გააუქმა 9 ქვეყნისთვის, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან. მათ შორისაა, საქართველო, იაპონია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, ტუნისი, ურუგვაი, რუანდა, ტაილანდი და ახალი ზელანდია.

ფინეთის ხელისუფლებამ 14 მაისისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ინფიცირების 7 372 შემთხვევა ფიქსირდება. 328 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 6 920 გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 15 660 859 შემთხვევაა დადასტურებული; 636 633 ადამიანი გარდაიცვალა; 9 546 422 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button