fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

ვაშაძემ და ჩარკვიანმა “ძალა ერთობაშია” დატოვეს

109

ახალი პოლიტიკური პლატფორმა

“ახალი საქართველოს” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და პარტია “კანონი და სამართლის” დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა გაერთიანება “ძალა ერთობაშია” დატოვეს და ახალი პოლიტიკური პლატფორმა – “სტრატეგია აღმაშენებელი” ჩამოაყალიბეს.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საარჩევნო პროგრამასა და გუნდის წევრებს 30 ივლისს წარადგენენ.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება “სტრატეგია აღმაშენებელი”, რომელიც შედგება სამი სუბიექტისგან – “ახალი საქართველო”, “კანონი და სამართალი” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინდეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა. ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონერებს და დავაბრუნოთ ემიგრანტები საქართველოში. არჩევანი უმარტივესია: მშენებლობა ან დამსხვრეული ოცნებების პარტია.” – განაცხადა ვაშაძემ.

“ოცნებები ჩამოგვამხეს თავზე და დაიმსხვრა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ დღეს მხოლოდ თეორეტიკოსი პოლიტიკოსების დრო არ არის.

“დღეს ალბათ, იმ პოლიტიკოსების დრო უფრო არის, რომლებსაც უკვე რაღაც გაუკეთებიათ პროექტების თვალსაზრისით და წარმატებული ყოფილა ის პროექტი, ანუ – პრაქტიკოსი პოლიტიკოსებისა.” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მოისმინეთ გიორგი ვაშაძის და თაკო ჩარკვიანის ხმები.

გიორგი ვაშაძე ერთ-ერთია მაჟორიტარი დეპუტატობის იმ 6 კანდიდატს შორის, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდა. ის კენჭს ისანში იყრის.

ოპოზიციის შეფასება

“ვფიქრობ, ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს ამ ერთიანობას გამოეთიშოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვისაა დანაკარგი.” – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პოლიტიკური გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია“ გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლას.

როგორც სალომე სამადაშვილი აცხადებს, ვაშაძეს და მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს და როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს.

„ვფიქრობ, ყველასთვის, ვინც გადაწყვეტს ამ ერთიანობას გამოეთიშოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია, მათთვისაა დანაკარგი. უნდა დაფიქრდნენ, საკუთარი გადაწყვეტილებით ისინი ეხმარებიან თუ არა იმ მიზნის განხორციელებას, რასაც ივანიშვილის დამარცხება ჰქვია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რჩება იმ ერთიანობაში, რომელიც ივანიშვილის წინააღმდეგ შეიქმნა, ამ ერთიანობაში ბევრი ახალი მოთამაშე შემოვა – არა მხოლოდ პოლიტიკური პარტია, არამედ კონკრეტული და ძალიან საინტერესო ადამიანები. ამიტომ ვფიქრობ, ეს მათი დანაკარგია, ვინც ამ ერთიან ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. ვფიქრობ, მიზეზი უმჯობესია გიორგი ვაშაძეს ჰკითხოთ, ჩვენთვის მთავარი დღეს არანაირი თანამდებობები და სიები არაა, ჩვენი ამოცანა ივანიშვილის დამარცხებაა და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს არც თანამდებობებს, არც გადანაწილებას სიაში, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანი საკითხებია. ჩვენი მიზანი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაცვაა. რაც შეეხება ბატონ ვაშაძეს, მის პარტიას დამფინანსებელი ჰყავს. როგორც ჩანს, მის დამფინანსებელსაც საკუთარი ხედვები აქვს. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ბატონი ვაშაძის აქტიური ხელშემწყობი ვანო ჩხარტიშვილია და ალბათ, მათ საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ.” – განაცხადა სამადაშვილმა.

კითხვებზე, ჰქონდა თუ არა ვაშაძეს სიასთან დაკავშირებით პრეტენზიები, ნამდვილად ითხოვდა თუ არა 10 ადგილს მოწინავე რიგებში და ეწყინა თუ არა, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე არ მოეწონათ, სამადაშვილმა ასე უპასუხა: „შემიძლია გითხრათ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ქვეყნის მთავარი ოპოზიციური ძალა, გაერთიანებულია საერთო იდეის გარშემო – ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ ყველანაირი დისკუსია იმ ადამიანების მხრიდან, რომელთა განცხადებები თანამდებობების გადანაწილებაზე და სიებზე, მიგვაჩნია უადგილოად, არ ემსახურება არანაირად ჩვენი ამოცანის განხორციელებას. ასეთ ადამიანებთან იდეური თანხვედრის მოძებნა რთული იქნება. რაც შეეხება თაკო ჩარკვიანს, ძალიან ახალი მოთამაშეა პოლიტიკურ სივრცეში, დამწყები პოლიტიკოსია და საკუთარ გადაწყვეტილებებს თვითონ განმარტავს.” – განაცახდა სამადაშვილმა.

ხელისუფლების შეფასება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია” ყოველთვის ბევრ კითხვას აჩენდა, რადგან „მტერი და მოყვარე ერთად იყო”. აღნიშნული განცხადებით, სესიაშვილი ერთობიდან გიორგი ვაშაძის გასვლას გამოეხმაურა.

„ერთად სწორედ ძალაუფლების წყურვილის მიზნით იყვნენ. მათში ეს სურვილი არ გაქარწყლებულა, მაგრამ ამ ფორმით, თავისი სახე წარმოაჩინეს და დაიშალნენ, რაც მათი არჩევანია. „ქართულ ოცნებას” ნაკლებად აინტერესებს, ოპოზიციურ ძალებში რა პროცესები მიმდინარეობს, ჩვენი პოლიტიკური ხედვა გვაქვს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მმართველმა ძალამ თავისი წარმატების ფორმულა წარმოადგინოს და შესაბამისი მხარდაჭერა მივიღოთ.”- განაცხადა სესიაშვილმა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი