fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

”დაგვესივნენ ტილები” – აქცია ქობულეთის მერიასთან

122
Share Button

”უწყლობის გამო ცუდი სიზმრები ამიხდა”, ”დაგვესივნენ ტილები”, ”წყალი არ იყო სულიკო, ვერ ვნახე დაკარგულიყო”, ”ჩვენი წყალი გადმოგსხმოდეთ” – მსგავსი შინაარსის ბანერებით მივიდნენ ქობულეთის მერიასთან ბუკნარის, მუხაესტატესა და ხუცუბნის მცხოვრებლები. ისინი სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

ამბობენ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში სასმელი წყალი გრაფიკით ან დაბალი ნაკადით მიეწოდებათ, არის შემთხვევები, როდესაც წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში შეწყვეტილია.

აქციის მონაწილეები ქობულეთის მერთან, მირიან ქათამაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორები “ახალი ლიდერების ინიციატივა აჭარის” წარმომადგენლები არიან. პრობლემის მოსაგვარებლად, ისინი მერიას კონკრეტულ ვადას აძლევენ და თუ საკითხი დროულად არ მოგვარდება, პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის ვიცე-მერი გამოეხმაურა. ლევან ზოიძის თქმით, იგი ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს შეხვდება. ვიცე-მერმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ”აჭარისწყლის ალიანსი” სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს მალე დაიწყებს, ის კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული იყო.

ლევან ზოიძის განმარტებით, სოფელ მუხაესტატეს წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი უკვე მზად არის და სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. ოჩხამურის პროექტს კი, რამდენიმე თვეში მოამზადებენ.

რაც შეეხება ბუკნარს, ვიცე-მერი ამბობს, რომ აქ პრობლემა წყლის უყაირათო ხარჯვაა, რადგან მოქალაქეებს თვითნებურად აქვთ დაერთებული მილები მიწის ნაკვეთებთან, მას სარწყავადაც იყენებენ და წყლის მარაგი არ ყოფნით.

წყარო: აჭარის ტელევიზია

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი