fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

COVID-19 – საქართველო და მსოფლიო

132

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 264-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44-ით გაიზარდა და 1 054-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 7 279 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 279.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ისრაელში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში ახალი რეგულაციების დაწესების შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელის მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგულაციები ძალაში დღეიდან შევა.

„ღია სივრცეში დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 20-ს, ხოლო დახურულში, – 10-ს. შეზღუდვა ვრცელდება როგორც სამუშაო და საჯარო ადგილებზე, ისე კერძო ტერიტორიებზე.

კერძო ავტომობილში, მძღოლის გარდა დაშვებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 2-ს. შეზღუდვა არ ვრცელდება ერთ სივრცეში მცხოვრებ პირებზე.

კვების ობიექტების დახურულ სივრცეში – 20, ხოლო ღია სივრცეში 30 ადამიანის შეკრებაა შესაძლო. სასტუმროს რესტორნებში მომსახურე პერსონალის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს. საცურაო აუზში, ყოველ 6მ²-ზე – ერთი ადამიანი.

პროდუქტის შინ მიტანის შემთხვევაში, კურიერს მისი კართან დატოვება ევალება.

დაიკეტება: დისკოთეკები, ბარები და პაბები, სადღესასწაულო დარბაზები და ბაღები, გასართობი და აკვაპარკები.”- აღნიშნულია ისრაელში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

worldometers.info-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში, ისრაელში კოვიდინფიცირების 500 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 85 222 შემთხვევაა დადასტურებული. 613 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 59 999 პირი გამოჯანმრთელდა.

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 49 536 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 094 400-მდე გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, „კოვიდ 19“-ს კიდევ 525 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 163 463-ს მიაღწია.

ცნობისთვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით, აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

გასულ დღე-ღამეში სომხეთში ჩOVID-19 23 ადამიანს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში ახალი კორონავირუსი 40 433 ადამიანს დაუდგინდა. მათგან 32 616 გამოჯანმრთელდა, 1024 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

სომხეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 1-ელ მარტს გამოვლინდა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის 20 259 579 შემთხვევაა დადასტურებული. 739 212 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 13 190 518 პირი გამოჯანმრთელდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი