მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“მესტიაში ვირუსის აფეთქებას, ალბათ, მივუსწარით”

​საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 12 კი, სვანეთიდან, კერძოდ კი, ლენჯერიდანაა. ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჯამში, ლენჯერთან კავშირში კორონავირუსი 30 პირს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მესტიაში კორონავირუსის გავრცელება ერთ პირთან არის დაკავშირებული. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა უსაფრთხოების წესები დაიცვან.

“30 შემთხვევა, დაკავშირებული ერთ კერასთან, ეს არის ძალიან ბევრი. ამიტომ ის ღონისძიებები, რაც გატარდა მესტიის მუნიციპალიტეტში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომხდარიყო შეკავება. მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ თუ ასეთი ქვეყანაში რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. არც ერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ყველა მუნიციპალიტეტში მსგავსი ღონისძიებები გატარდეს.” – თქვა იმნაძემ.

მოისმინეთ პაატა იმნაძის ხმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, მესტიაში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები საკმაოდ ეფექტიანად იყო გადადგმული. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მესტიაში დაწესებული შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს, თუმცა, მთავარი მოქალაქეების ჯანმრთელობაა.

„გამოდის, რომ მესტიაში ვირუსის აფეთქებას, ალბათ, მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1 000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1 000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1 000 ტესტის შედეგები და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული. პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მოგვიწია, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ეს შეზღუდვები როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა. ჩვენ ვამბობდით, რომ ვირუსი არსად წასულა და გვმართებს დიდი ყურადღება და სიფრთხილე, იმისთვის, რომ ის წარმატება, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, უნდა გავაგრძელოთ. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ვირუსის რისკების ეფექტიანი მართვის გარეშე, არანაირი ეკონომიკური აღდგენა არ იქნება. ეს ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია.” – განაცხადა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, 11 აგვისტოს სვანეთიდან საკარანტინე ზონებში 919 მოქალაქე გადაიყვანეს.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, მესტიაში შესვლა-გამოსვლა 10 აგვისტოს აიკრძალა. სოფელ ლენჯერში ჩასულმა ერთმა პირმა 16 პირი დააინფიცირა. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ტარდება ტესტირებები, ტურისტები საკარანტინე სივრცეებში გადაიყვანეს და აფთიაქების, სასურსათო მაღაზიების, ბანკებისა და ღია კვების ობიექტების გარდა, ყველა დაწესებულება დახურულია. გარდა მუნიციპალიტეტის ჩაკეტვისა, აკრძალულია დაბა მესტიასა და სოფლებს შორის მიმოსვლაც. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შედეგ მიიღო, რაც 24 საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

საქართველოში კორონავირუსი ჯამში 1 278 პირს დაუდასტურდა, მათგან 1 058 განიკურნა, 17 კი, გარდაიცვალა. ინფიცირებულთაგან, 16 პირის მდგომარეობა მძიმეა.

 

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button