fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

COVID-19 – საქართველო და მსოფლიო

98

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 283 – მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 10-ით გაიზარდა და 1 068-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 7 718 ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, – 245 პირი.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 201 შემთხვევა გამოვლინდა, 3 ადამიანი კი, ვირუსს ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 40 593 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 1 037 ადამიანი, 33 157-მა კი, ვირუსის დამარცხება შეძლო.

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა.

მეტ ჰენკოკი

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეცვალა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდ ბრიტანეთში კორინავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა (46 706-დან 41 329-მდე).

ახალი მეთოდის თანახმად, ამიერიდან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მხოლოდ ის ფატალური შემთხვევები მოხვდება, რომელსაც ადგილი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებიდან 28 დღის განმავლობაში.

17 ივლისს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა აღრიცხვის არსებული მეთოდის გადახედვის განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც დამამტკიცებელი მედიცინის ოქსფორდის ცენტრის ექსპერტებმა ვარაუდი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემები, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს.

პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი

ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ უწყების სტატისტიკაში იმ ხალხის გარდაცვალების შემთხვევები ხვდებოდა, რომლებსაც ოდესმე კორონავირუსი დაუდასტურდა, თუნდაც სიკვდილის მიზეზი სხვა რამე ყოფილიყო და ინფიცირებიდან დიდი დრო გასულიყო. აღნიშნული პრობლემა ძირითადად ინგლისს ეხებოდა, ხოლო ქვეყნის სხვა რეგიონებში ე.წ. 28 დღის წესი უკვე მოქმედებდა.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

იტალიის ხელისფლების გადაწყვეტილებით, ხორვატიიდან, საბერძნეთიდან, მალტადან და ესპანეთიდან ჩასულ ვიზიტორებს კორონავირუსზე ტესტის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ფრთხილი მიდგომა უნდა გავაგრძელოთ, რათა რათა შევინარჩუნოთ ის შედეგები, რომელთაც ბოლო თვეების განმავლობაში ერთობლივი თავდადების შედეგად მივაღწიეთ.” – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანზა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 251 237 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 35 215 კოვიდინფიცირებული.

Ho appena firmato una nuova ordinanza che prevede test molecolare o antigenico, da effettuarsi con tampone, per chi…

Geplaatst door Roberto Speranza op Woensdag 12 augustus 2020

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 55 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 175 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 3 164 785 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 201 ადამიანი გარდაიცვალა.

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 55 910 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 197 118-მდე გაიზარდა, – შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 499 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხმა, საერთო ჯამში, 166 026-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 942 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 2 396 637 შემთხვევა დადასტურდა, 1.6 მილიონზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 47 033 ადამიანი გარდაიცვალა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 20 812 596 შემთხვევაა დადასტურებული; 747 330 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 13 713 408 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი