fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მთავრობამ კარანტინის ვადა 2 დღით შეამცირა

227

მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, იზოლაციისა და კარანტინის წესებში ცვლილებები შედის. ახალი გადაწყვეტილებით, ადამიანი კარანტინში არა 14, არამედ 12 დღის განმავლობაში განთავსდება. ცვლილება უცხო ქვეყნიდან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პირებს, ასევე კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებულ ყველა ფიზიკურ პირს ეხება.

დადგენილების მიხედვით, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტზე მყოფმა პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი. რაც შეეხება საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრებს, მათ საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.

რაც შეეხება საქართველოში შემოსულ უცხოეთის მოქალაქეს, იგი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება და მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ გაიმეოროს.

იმ შემთხვევაში, თუ მას პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული G, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ვირუსი უკვე გადატანილი აქვს, პირი შემდგომი კვლევებისგან თავისუფლდება.

ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12-დღიან კარანტინს.

დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ იგი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, შესაბამისად ცვლილებები ძალაში 12 აგვისტოდან შევიდა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი